უცხოეთი
აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებზე ალიევმა ხმა ყარაბაღში მისცა

 საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. დღეს, 7 თებერვალს, აზერბაიჯანის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე, ილჰამ ალიევმა და მისმა ოჯახმა ხმა მთიან ყარაბაღში, ქალაქ ხანქენდიში [სომხ – სტეფანაკერტი] მისცეს.

2025 წლის აპრილში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში დაახლოებით ერთი წლით ადრე, 2024 წლის 7 თებერვალს დაინიშნა. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 2023 წლის 7 დეკემბერს გამოსცა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ადგილობრივ სატელევიზიო მედიასთან საუბარში სამი მიზეზის შესახებ საუბრობს, თუ რატომ დანიშნა საპრეზიდენტო არჩევნები 2025 წლის აპრილის ნაცვლად 2024 წლის თებერვალს.

ალიევის თქმით, უპირველესი მიზეზი “აზერბაიჯანის სუვერენიტეტის სრული აღდგენა, 30- წლიანი ოკუპაციის დასასრულის დაგვირგვინება და ახალი ეპოქის დაწყებაა”, რომელიც ალიევის განმარტებით, სწორედ საპრეზიდენტო არჩევნებით უნდა დაგვირგვინდეს.

მეორე მიზეზად მუნიციპალურ არჩევნებს ასახელებს, რომელიც 2025 წლის აპრილამდე უნდა გამართულიყო და წინ უსწრებდა საპრეზიდენტო არჩევნებს. შესაბამისად, როგორც ალიევი ამბობს, მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ოკუპაციის დასრულების შემდეგ არჩევნები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გამართულიყო და სწორედ საპრეზიდენტოა [და არა მუნიციპალური] ის არჩევნები, რომელიც მთელ ქვეყანაში გაიმართება.

მესამე და ნაკლებმნიშვნელოვან მიზეზად კი ილჰამ ალიევი საპრეზიდენტო პოსტზე მისი 20- წლიანი მმართველობის ეპოქის აღნიშვნას ასახელებს.

netgazeti.ge