უცხოეთი
ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად, ვალერი ზალუჟნის ნაცვლად, ალექსანდრ სირსკი დანიშნა

 საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად, ვალერი ზალუჟნის ნაცვლად, ალექსანდრ სირსკი დანიშნა. ამის შესახებ ზელენსკიმ ტელეგრამარხში გავრცელებულ მიმართვაში განაცხადა.

ალექსანდრ სირსკი უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაური იყო.

„გენერალ ზალუჟნის მადლობელი ვარ თავდაცვის ორი წლისთვის. მადლობელი ვარ თითოეული გამარჯვებისთვის, რომელსაც ერთად მივაღწიეთ ყველა უკრაინელი მეომრის წყალობით, რომლებიც გმირულად აწარმოებენ ამ ომს. გულახდილად ვილაპარაკეთ დღეს იმაზე, თუ რა ცვლილებებია საჭირო არმიაში. სასწრაფო ცვლილებები. შევთავაზე გენერალ ზალუჟნის, დარჩეს გუნდში. მადლობელი ვიქნები მისი თანხმობისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დღეიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა ახალ გუნდს გადაეცემა.

„მინდა, რომ ომის ხედვა იყოს ერთიანი რობოტინოსა და ავდეევკაში ჩვენს სამხედროებს შორის, ასევე გენერალურ შტაბსა და სამხედრო მეთაურებში. მე ათობით საუბარი გავმართე სხვადასხვა დონის მეთაურებთან. კერძოდ, დღეს ვესაუბრე გენერლებს – ანდრეი გნატოვს, მიხაილ დრაპატის, იგორ სკიბიუკს, ასევე პოლკოვნიკებს პაველ პალისას და ვადიმ სუხარევსკის. ყველა მათგანი განიხილება არმიაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე და იმსახურებენ ყველაზე გამოცდილი უკრაინელი მეთაურის ხელმძღვანელობას. მას აქვს თავდაცვის წარმატებული გამოცდილება, ჩაატარა კიევის თავდაცვითი ოპერაცია. მას ასევე აქვს შეტევის წარმატებული გამოცდილება ხარკოვის განმათავისუფლებელ ოპერაციაში. მე გენერალ-პოლკოვნიკი სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დავნიშნე“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

თავად ვალერი ზალუჟნიმ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ დაწერა, რომ უმაღლეს მთავარსარდალთან მნიშვნელოვანი და სერიოზული საუბარი ჰქონდა. მისი თქმით, მიღებულია გადაწყვეტილება მიდგომებისა და სტრატეგიის შეცვლის საჭიროების შესახებ.

„დიდი ომის პირველ, ყველაზე რთულ დღეებში ჩვენ გავუძელით საძაგელ და ძლიერ მტერს. გავუძელით ერთად. ჩვენი ბრძოლა გრძელდება და ყოველდღე იცვლება. 2022 წლის ამოცანები განსხვავდება 2024 წლის ამოცანებისგან, ამიტომ ყველაფერი უნდა შეიცვალოს და ადაპტირდეს ახალ რეალიებთან. გამარჯვება ასევე ერთად უნდა მოვიპოვოთ. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც გენერალური შტაბის, თავდაცვის სამინისტროს გუნდის, უკრაინის პრეზიდენტის გვერდითაა. მე უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ვამაყობ თითოეულით, ვინც იცავს ჩვენი შვილების მომავალს, ყველა სამხედროთი, სერჟანტითა და ოფიცრით. ქედს ვიხრი ყველას წინაშე, ვინც სიცოცხლე გაწირა უკრაინისთვის და თავისუფლებისთვის. გვახსოვს და შურს ვიძიებთ ყველასთვის. უკრაინელები აუცილებლად გაიმარჯვებენ“, – დაწერა ზალუჟნიმ ტელეგრამარხში ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.

1tv.ge