უცხოეთი
აზერბაიჯანის ცესკო-ს მონაცემებით, ბიულეტენების 93 პროცენტის დათვლის შემდეგ ილჰამ ალიევი ხმების 92 პროცენტით ლიდერობს

 საქართველო, 9 თებერვალი, საქინფორმი. აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში ბიულეტენების 93 პროცენტის დათვლის შემდეგ ილჰამ ალიევს ხმების 92 პროცენტი აქვს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

აზერბაიჯანის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, რომ, არსებული მონაცემებით, ზაჰიდ ორუჯმა მიიღო ხმების 2.19 პროცენტი, რაზი ნურულაევმა – 0.8 პროცენტი, ფაზილ მუსტაფამ – 2 პროცენტი, ელშად მუსაევმა – 0.67 პროცენტი, გუდრატ გასანგულიევმა – 1.76 პროცენტი, ფუად ალიევმა – 0.53 პროცენტი.

ამერიკული ორგანიზაციის, „ორაქლ ედვაიზორი გრუფის“ მიერ მოქალაქეთა შრომითი უფლებების დაცვის ლიგასთან ერთად ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, ილჰამ ალიევს ამომრჩეველთა 93.9 პროცენტმა მისცა ხმა.

აზერბაიჯანის „სოციოლოგიური კვლევის ცენტრის“ მონაცემებით კი, ილჰამ ალიევს ამომრჩეველთა 92.4 პროცენტმა დაუჭირა მხარი.

ილჰამ ალიევს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს რუსეთის, ბელარუსის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, თურქეთის პრეზიდენტებმა, ასევე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

1tv.ge