უცხოეთი
„ბიბისი“ - დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ის წაახალისებდა რუსეთს, რათა თავს დასხმოდა ნატო-ს ნებისმიერ წევრს, რომელიც არ გადაიხდიდა გადასახადებს, როგორც დასავლური სამხედრო ალიანსის ნაწილი

 საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ის წაახალისებდა რუსეთს, რათა თავს დასხმოდა ნატო-ს ნებისმიერ წევრს, რომელიც არ გადაიხდიდა გადასახადებს, როგორც დასავლური სამხედრო ალიანსის ნაწილი. ამის შესახებ ტრამპმა სამხრეთ კაროლინაში 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის მსვლელობისას განაცხადა, რა დროსაც ნატო-ს ლიდერებთან შეხვედრა გაიხსენა.

ტრამპის თქმით, ერთ-ერთ ლიდერს მან ერთხელ განუცხადა, რომ ის არ დაიცავს იმ ქვეყანას, რომელიც არ გადაიხდის გადასახადებს და წაახალისებს აგრესორს იმის გაკეთებაში, რაც სურს. როგორც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი იხსენებს, ნატო-ს ლიდერებთან შეხვედრისას მან ისაუბრა რუსეთზეც. მისი თქმით, ერთ-ერთი „დიდი ქვეყნის“ ლიდერმა იკითხა, რა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მისი ქვეყანა გადასახადებს არ გადაიხდიდა და რუსეთის თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდებოდა, რაზეც ტრამპმა უპასუხა: „„არ გადაიხადე? დამნაშავე ხარ?“ მან თქვა: „დიახ, მოდით, ვთქვათ, რომ ასე მოხდა“, რაზეც ვუპასუხე: „არა, მე არ დაგიცავ“. რეალურად, მე რუსებს წავახალისებდი, გაეკეთებინათ ის, რაც უნდათ. თქვენ უნდა გადაიხადოთ გადასახადები“, – განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, ნატო-ს სწორედ მისი დამსახურებით შესდის ასობით მილიარდი დოლარი. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ მისი ამ საქციელის გამო ნატო-ს წევრებს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა უფრო მოსწონდათ, ეს კი იმიტომ, რომ ის ალიანსის წევრ სხვა ქვეყნებს არაფერს სთხოვდა.

„შემდეგ მესმის, რომ მათ ობამა უფრო მოსწონთ. მათ უფრო მეტად უნდა მოსწონდეთ ობამა. იცით, რატომ? იმიტომ, რომ არაფერი უთხოვია. მსოფლიოს სულელ ქვეყანას ვგავდით. და ჩვენ აღარ ვიქნებით მსოფლიოს სულელი ქვეყანა“, – თქვა ტრამპმა.

1tv.ge