უცხოეთი
ჯო ბაიდენი მხარს უჭერს მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას, რომელიც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის 6 კვირით შეწყვეტას გამოიწვევს

 საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, შეერთებული შტატები მუშაობს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების გათავისუფლებაზე შეთანხმების მიღწევაზე, რომელიც ღაზაში ბრძოლის მინიმუმ ექვსი კვირით შეჩერებას გამოიწვევს.

„შეთანხმება მოიტანს დაუყოვნებელ და მდგრად სიმშვიდეს ღაზის სექტორისთვის მინიმუმ ექვსი კვირის განმავლობაში, რაც შემდეგ შეგვიძლია გამოვიყენოთ რაღაც უფრო ხანგრძლივის შესაქმნელად", - აღნიშნა ბაიდენმა თეთრ სახლში, იორდანიის მეფე აბდულა II-თან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, შეთანხმების ძირითადი კომპონენტები „უკვე მაგიდაზეა" და შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ის განხორციელდეს.

„ბოლო ერთი თვის განმავლობაში მე მქონდა ზარები პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუსთან, ისევე როგორც ეგვიპტისა და კატარის ლიდერებთან იმისთვის, რომ წინსვლა მომხდარიყო. შეთანხმების ძირითადი ელემენტები მაგიდაზეა. არის ხარვეზები, რომლებიც რჩება, მაგრამ მოვუწოდე ისრაელის ლიდერებს, გააგრძელონ მუშაობა შეთანხმების მისაღწევად. შეერთებული შტატები ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს მოხდეს“, - აღნიშნა ბაიდენმა.

მისი თქმით, იორდანიის მეფე აბდულა II-თან შეხვედრაზე განიხილეს რაფაჰთან დაკავშირებული სიტუაცია და ღაზის სექტორისთვის დახმარების მიწოდების უზრუნველყოფის საკითხი.

„იქ ბევრი იძულებით გადაადგილებული ადამიანი იმყოფება, რომლებიც ძალადობას ჩრდილოეთისკენ გაექცნენ და ახლა ისინი რაფაჰს აფარებენ თავს, დაუცველები და უსუსურები. მათ დაცვა სჭირდებათ. ჩვენ თავიდანვე ცხადად განვაცხადეთ, რომ ვეწინააღმდეგებით ღაზადან პალესტინელების იძულებით გადაადგილებას“, - აღნიშნა ბაიდენმა.

interpressnews.ge