უცხოეთი
„ფაინენშელ თაიმსი“ - ნატო-ს სამხედრო წვრთნები „მტკიცე მცველი“ რუსეთთან კონფლიქტისთვის მომზადებას ისახავს მიზნად

 საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. ნატო-ს სამხედრო წვრთნები „მტკიცე მცველი“ რუსეთთან კონფლიქტისთვის მომზადებას ისახავს მიზნად, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშელ თაიმსი“ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელზე, რობ ბაუერზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ნატო-ს მხარდაჭერისა და უზრუნველყოფის სარდლობა გერმანიის ქალაქ ულმში აყალიბებს გეგმებს, როგორ განლაგდება ნატო-ს სამხედრო ძალები ევროპის გარშემო და იქნება მდგრადი და გაძლიერებული კონფლიქტის შემთხვევაში. ეს პროცესი ემყარება გაკვეთილებს, რომელსაც ალიანსი მიიღებს „მტკიცე მცველის“ მიმდინარე წვრთნებიდან, რომელიც ასახავს ფართომასშტაბიანი კონფლიქტის სიმულაციას ნატო-ს აღმოსავლეთის მტერთან.

„ფაინენშელ თაიმსის“ ინფორმაციით, უკრაინის მთავრობის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ, კიევის სადაზვერვო ინფორმაციით, პუტინი ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ ომისთვის ემზადება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ამერიკელ ჟურნალისტთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში კი განაცხადა, რომ რუსეთი არ გეგმავს ნატო-ს წევრ ქვეყანაზე თავდასხმას. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ დასავლელი პოლიტიკოსები რეგულარულად აშინებენ თავიანთ მოსახლეობას წარმოსახვითი რუსული საფრთხით, რათა ყურადღება გადაიტანონ შიდა პრობლემებისგან.

„მტკიცე მცველი“ არის ალიანსის ისტორიაში ყველაზე დიდი სამხედრო წვრთნები ცივი ომის შემდეგ. ნატო-ს სამხედრო წვრთნებში, რომელიც 22 იანვარს დაიწყო და 31 მაისამდე გაგრძელდება, 90 000 ჯარისკაცი, 50 ხომალდი, 80 თვითმფრინავი და 1 000-ზე მეტი სახმელეთო სამხედრო ტექნიკა იღებს მონაწილეობას. სამხედრო წვრთნები ალიანსის 13 წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე გაიმართება.

1tv.ge