უცხოეთი
პოლონეთში უკრაინის ელჩი - მკაცრად ვგმობთ დემონსტრანტების მიერ უკრაინული მარცვლეულის დაყრას, ასეთი ქმედებები ფერმერების შრომის მიმართ უპატივცემულობაა, სირცხვილი, ბატონებო

 საქართველო, 21 თებერვალი, საქინფორმი. პოლონეთში უკრაინის ელჩი ვასილი ზვარიჩი უღირსს უწოდებს პოლონელი ფერმერების ქმედებებს, რომლებმაც სატვირთო მატარებლიდან უკრაინული მარცვლეული გადმოყარეს. აღნიშნულის შესახებ ვასილი ზვარიჩი სოციალურ ქსელში წერს.

დიპლომატმა დაგმო ფერმერების მიერ მედიკა-შეგინის საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან მარცვლეულის დაყრა.

„ჩვენ მკაცრად ვგმობთ მედიკაში დემონსტრანტების მიერ უკრაინული მარცვლეულის დაყრას. პოლიციამ მკაცრი რეაგირება უნდა მოახდინოს და დასაჯოს ისინი, ვინც არღვევს კანონს. ასეთი ქმედებები არის რუსეთის აგრესიის პირობებში უკრაინელი ფერმერების შრომის მიმართ უპატივცემულობა, ასევე საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების მიმართ უპატივცემულობა. სირცხვილი, ბატონებო“, – წერს ელჩი.

შეგახსენებთ, პოლონელმა ფერმერებმა უკრაინის საზღვარზე მედიკა-შეგინის საკონტროლო-გამშვები პუნქტი გადაკეტეს და სატვირთო მატარებლიდან ხორბლის ნაწილი გადმოყარეს.

1tv.ge