უცხოეთი
პუტინმა კიმ ჩენ ინს რუსული ავტომობილი აჩუქა

 საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ვლადიმირ პუტინისგან საჩუქრად რუსული წარმოების მანქანა მიიღო, იუწყება ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური სატელეგრაფო სააგენტო (KCNA).

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა „რია ნოვოსტის“ დაუდასტურა, რომ კიმმა საჩუქრად ავტომობილი Aurus მიიღო.

„კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის თავმჯდომარეს, პატივცემულ ამხანაგ კიმ ჩენ ინს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან რუსეთში წარმოებული პერსონალური მანქანა გადაეცა“, — იუწყება სააგენტო.

ფხენიანის ინფორმაციით, რუსეთის წარმომადგენლებისგან საჩუქარი 18 თებერვალს ჩაიბარეს ცენტრალური კომიტეტის მდივანმა პაკ ჩონ ჩხონმა და კიმ ჩენ ინის დამ — კიმ იო ჩჟონმა. მათი თქმით, ეს „საუკეთესო საჩუქარია“, რომელიც ორი ქვეყნის ლიდერთა „განსაკუთრებულ მეგობრულ ურთიერთობებს ადასტურებს“.

2023 წლის სექტემბერში, ამურის ოლქში, კოსმოდრომ „ვოსტოჩნიზე“ კიმ ჩენ ინთან შესახვედრად ვლადიმირ პუტინი სწორედ რუსული წარმოების Aurus-ით მივიდა. რუსეთის პრეზიდენტი უკვე რამდენიმე წელია სარგებლობს ამ ლიმუზინით.

sputnik-georgia.com