საზოგადოება
ასოცირების საბჭო: ევროკავშირმა ხაზი გაუსვა მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

 საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, და დაადასტურა მტკიცე ერთგულება კონფლიქტის მოგვარების და ევროკავშირის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკისადმი საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ პრესრელიზშია აღნიშნული.

ერთობლივი განცხადება პრესისთვის საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ევროკავშირმა და საქართველომ დაადასტურეს მხარდაჭერა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისადმი, მათ შორის მომავალი მე-60 რაუნდისადმი, რომელიც სრულყოფილად მოქმედ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებთან (IPRMs) ერთად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია 2008 წლის აგვისტოს რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტიდან მომდინარე გამოწვევებზე საპასუხოდ და მათი გადაწყვეტის თვალსაზრისით.

„ევროკავშირმა და საქართველომ შეშფოთება გამოხატეს რუსეთის ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებიც მიმართულია საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის რუსეთის პოლიტიკურ, უსაფრთხოების, სამხედრო, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში ინტეგრაციისკენ, რაც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საბჭომ დაგმო საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ განლაგებული რუსეთის ძალების მიერ საქართველოს სამოქალაქო პირის, თამაზ გინტურის, მკვლელობა. ასოცირების საბჭომ ღრმა შეშფოთება გამოხატა საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით გაუარესებული მდგომარეობის, მათ შორის, გადაადგილების თავისუფლების, საკუთრების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებების დარღვევებისა და ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის გამო.

ევროკავშირმა და საქართველომ დაადასტურეს რუსეთის ფედერაციის ვალდებულება, შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, მათ შორის, გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და დაუშვას უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა ადგილზე. საბჭომ დაადასტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უზრუნველყოფის ვალდებულება.

ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელოვან როლს და, მანდატის შესაბამისად, მისიის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შეუფერხებელი წვდომის აუცილებლობას.

ასოცირების საბჭომ კვლავ აღნიშნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიება, რომლებმაც დაადასტურეს რუსეთის, როგორც საქართველოს რეგიონებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე/სამხრეთ ოსეთზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფოს პასუხისმგებლობა.

ასოცირების საბჭომ ხაზგასმით აღნიშნა გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის კონტაქტების მხარდაჭერის გაძლიერებისა და ნდობის აღდგენის ზომების გაზრდის მნიშვნელობა, ასევე დაადასტურა შერიგებისა და ჩართულობისკენ მიმართული ძალისხმევისადმი მხარდაჭერა“, - აღნიშნულია პრესრელიზში.

ასოცირების საბჭო მიესალმა COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის წარმატებით დაძლევას და ასევე ქვეყნის მშპ-ს მაჩვენებლის ზრდას. ევროკავშირმა დადებითად შეაფასა საქართველოს გონივრული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, რამაც შესაძლებელი გახადა უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომით გამოწვეული შოკის წარმატებით გადალახვა, - ამის შესახებ საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ პრესრელიზშია აღნიშნული.

ერთობლივი განცხადება პრესისთვის საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომის შემდეგ გამოქვეყნდა.

პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა ხაზი გაუსვა საქართველოს ეროვნული ბანკის ხელშემწყობ როლს მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფაში და აღნიშნა მისი დამოუკიდებლობისა და სანდოობის უზრუნველყოფის მნიშვნელობა.

“ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს უდიდეს სავაჭრო პარტნიორად და მიესალმა საქართველოს მზარდ ექსპორტს ევროკავშირში. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა მზაობას, რომ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას სავაჭრო ბარიერების გადალახვაში და აღნიშნა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების გაგრძელების მნიშვნელობა. ასოცირების საბჭო მიესალმა პრიორიტეტული სამოქმედო გეგმის შემუშავების დაწყების თაობაზე მიღწეულ შეთანხმებას, აღიარა გეგმის შინაარსთან დაკავშირებით დღეისთვის არსებული კარგი პროგრესი და ხაზი გაუსვა მასში ჩამოთვლილი აქტივობების სათანადო განხორციელების მნიშვნელობას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შეთანხმების შესრულების ხელშეწყობის მიზნით.

ევროკავშირმა ხაზი გაუსვა ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის განხორციელების დაჩქარების მნიშვნელობას, განსაკუთრებით მისი საფლაგმანო პროექტების მეშვეობით, მათ შორის, იმ საერთო ინტერესის მქონე პროექტებისა, რომლებიც მიმართულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის დაკავშირებადობის განვითარებისკენ. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს, როგორც ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში პარტნიორის როლი, განსაკუთრებით კი მისი სატრანზიტო როლი კასპიის ნახშირწყალბადების რესურსებისთვის.

ევროკავშირი მიესალმა საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს და გამოთქვა სურვილი, მხარი დაუჭიროს საქართველოს შემდგომ ძალისხმევას, გაატაროს აუცილებელი მოსამზადებელი სამუშაოები და ზომები, განსაკუთრებით ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, რათა დააკმაყოფილოს ევროს ერთიანი გადახდის სივრცის სქემების გეოგრაფიულ არეალში გაწევრიანების კრიტერიუმები“, - აღნიშნულია პრესრელიზში.