უცხოეთი
დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნების მისაღწევად, შესაძლოა, კიევამდე მისვლა გახდეს საჭირო

 საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი მიიჩნევს, რომ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნების მისაღწევად, შესაძლოა, კიევამდე მისვლა გახდეს საჭირო. ამის შესახებ მან რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მედვედევმა ასევე აღნიშნა, რომ კონფლიქტი, შესაძლოა, მიმდინარე ფაზით არ შემოიფარგლოს.

„სად უნდა გავჩერდეთ? არ ვიცი. ვფიქრობ, ჯერ კიდევ მოგვიწევს ბევრი და სერიოზული მუშაობა. იქნება ეს კიევი? დიახ, ალბათ ეს უნდა იყოს კიევიც. ახლა თუ არა, გარკვეული დროის შემდეგ მაინც, შესაძლოა, ამ კონფლიქტის განვითარების რომელიმე სხვა ფაზაში“, – განაცხადა მედვედევმა.

რუსეთის ყოფილი პრემიერის განცხადებით, კიევამდე მისვლის საჭიროება განპირობებულია ორი მიზეზით – ერთია ის, რომ „კიევი რუსული ქალაქია“, ხოლო მეორე, რომ იქიდან გამომდინარეობს რუსეთის არსებობისთვის ინტერნაციონალური საფრთხე.

„მართალია, კიევი თავისი ფესვებით რუსული ქალაქია, ის იმართება რუსეთის მოწინააღმდეგეთა ინტერნაციონალური ბრიგადით აშშ-ის ხელმძღვანელობით. ყველა, ვინც იქ ფორმალურად ასრულებს თავის ფუნქციებს, მარიონეტია, რომელსაც არ გააჩნია არც სინდისი, არც შიში თავისი ქვეყნის მომავლისთვის, არც შესაძლებლობები. ყველა გადაწყვეტილება მიიღება ოკეანის გაღმა და ნატო-ს შტაბბინაში“, – განაცხადა მედვედევმა.

მისი მტკიცებით, უკრაინას ძალიან მცირე შანსები აქვს, რომ გადარჩეს, როგორც სახელმწიფო. მან აღნიშნა, რომ უკრაინის დაშლის სცენარები, შესაძლოა, განსხვავებული იყოს, თუმცა ეს გარდაუვალია.

დიმიტრი მედვედევის განცხადებით, უკრაინას აქვს არჩევანი რუსეთთან საერთო სახელმწიფოში ნორმალურ ცხოვრებასა და უსასრულო ომს შორის.

„მე ამის შესახებ არაერთხელ ვთქვი, რომ უკრაინის ამჟამინდელი სახელმწიფო საშიშია თავად უკრაინელებისთვის. მათთვის ეს არჩევანი გამოიყურება ასე: ან ცხოვრება რუსეთთან ნორმალურ, საერთო სახელმწიფოში, ან უსასრულო ომი. მათ თავად უნდა გააკეთონ ეს არჩევანი“, – განაცხადა მან.

მედვედევმა ასევე დასძინა, რომ უკრაინელები და რუსები ერთი ხალხია, ენობრივი განსხვავებების მიუხედავად.

მედვედევმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთისთვის უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების წართმევის მცდელობები მესამე მსოფლიო ომს გამოიწვევს.

1tv.ge