საზოგადოება
ასლან ბჟანია: საქართველოს ლიდერებმა პრაგმატული მიდგომა აჩვენეს ყველაფრის მიმართ

 საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. „საქართველოში პოლიტიკური ცვლილებების კონტექსტში ქვეყანასთან ურთიერთობების გაუმჯობესების“ შესახებ დასმულ კითხვაზე, აფხაზეთის ლიდერმა ასლან ბჟანიამ განაცხადა რუსულ საინფორმაციო სააგენტო „ტას“-თან ინტერვიუში, რომ „ბოლო წლებში, უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, საქართველოს ლიდერებმა პრაგმატული მიდგომა აჩვენეს ყველაფრის მიმართ“.

ბჟანიამ განაცხადა: „ისინი არ ჩაერთდნენ პროვოკაციაში, რომელსაც უკრაინა ახვევდა მათ თავს. უკრაინის ხელმღვანელობის არაერთ მოწოდებას მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე მათი მხარდაჭერა არ მოყვა. ამ თვალსაზრისით, მე მიმაჩნია, რომ ეს პოლიტიკური სიმწიფის ნიშანია“. ვრცელ ინტერვიუში, ბჟანიამ ასევე ისაუბრა რეგიონში საწვავისა და ელექტროენერგიის პრობლემებზე, რუსეთთან ურთიერთობებსა და რუსეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში გაერთიანების პერსპექტივებზე, ასევე ნატოს ქმედებებზე შავ ზღვაზე და რეგიონში ტურიზმის განვითარების პერსპექტივებზე.

საოკუპაციო ხაზზე არსებული სიტუაციის შესახებ დასმულ კითხვაზე, აფხაზეთის ლიდერმა განაცხადა, რომ მიუხედავად „პატარა ინციდენტებისა“, აფხაზეთისა და რუსეთის ფედერაციის „სასაზღვრო სამსახურების“ მიერ „უსაფრთხოება მყადაა დაცული“.

თბილისთან ურთიერთობების შესახებ საუბრისას, მან აღნიშნა, რომ „მომავალში, თუ ისინი [საქართველოს ხელისუფლება] პრაგმატიზმს გამოავლენენ, ვფიქრობ ეს გამორიცხავს არასაჭირო ინციდენტებს. ჩვენ ჩვენი მომავალი განსაზღვრული გვაქვს. საქართველოს ხელმძღვანელობამ უნდა აღიაროს არსებული რეალობა“. ბჟანიამ დასძინა, რომ „გვინდა, რომ კარგი კეთიმეზობლური ურთიერთობები გვქონდეს საქართველოსთან“.

ბჟანიამ მოსკოვში ვიზიტიც მიმოიხილა. მან აღიარა, რომ აფხაზეთში ენერგომომარაგების პრობლემა მართლაც არსებობს და აღნიშნა, რომ რუსულ მხარესთან კონსულტაციების შედეგად, რეგიონი ელექტროენერგიის გარკვეულ რაოდენობას უფასოდ მიიღებს. „ნათელია, რომ ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება. საჭიროა ენერგიის საკუთარი წყაროების აღსადგენად გარკვეული ზომები მივიღოთ“, – განაცხადა ოკუპირებული რეგიონის ლიდერმა და დასძინა, რომ ელექტროენერგიის ტარიფი გაუმართებლად დაბალია და უნდა გაიზარდოს. მან ელექტროენერგეტიკულ სფეროში ინვესტიციების განხორციელების აუცილებლობასაც გაუსვა ხაზი.

ბჟანიამ პირდაპირი პასუხი არ გასცა ჟურნალისტის კითხვას, იგეგმება თუ არა „როსნეფტის“ მიერ ექსკლუზიური უფლების მოპოვება აფხაზეთში ნავთობპროდუქტების დაუბეგრავად შეტანის თაობაზე, და აღნიშნა, რომ რუსულ მხარესთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომლის მიზანიც ორივე მხარისთვის „ურთიერთხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებაა“.

როდესაც ჟურნალისტმა ბჟანიას შავ ზღვაზე ნატოს „ჰიპერაქტიურობის გაფართოებაზე“ და მის შესაძლო შედეგებზე ჰკითხა, ოკუპირებული რეგიონის ლიდერმა უპასუხა, რომ „ეს დაძაბულობის ესკალაციაა, რაც უკრაინის ბედს კიდევ უფრო გაართულებს“. მან კრემლის ნარატივი გაიმეორა, რომლის თანახმადაც „ნატოს წევრი ქვეყნებიდან არავინ ფიქრობს უკრაინელებზე“ და რომ უკრაინა ხდება „ვაჭრობის საშუალება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რომელიც რუსეთის დასუსტებისა და დაშლისკენაა მიმართულია“.

კითხვაზე, თუ რას ფიქრობს რუსეთის, აფხაზეთისა და ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ბჟანიამ უპასუხა: „ჩვენ გვინდა ვიყოთ რუსეთთან, ბელარუსთან ერთად, გვინდა ამ ინტეგრაციული პროცესის აქტიური მონაწილეები ვიყოთ, ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნებასთან ერთად“. თუმცა მან იქვე დასძინა: „ამისათვის გარკვეული ეტაპი უნდა გავიაროთ, ნორმატიული აქტები უნდა მომზადდეს. ამ ამბავს შეიძლება რამდენიმე წელი დასჭირდეს, დაახლოებით 5-10 წელი, ზუსტად ისე, როგორც რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების დროს მოხდა“.

კითხვაზე, აქვს თუ არა რეგიონს ტურიზმის განვითარების პროგრამა, აფხაზეთის მიტოვებული და განადგურებული ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, ბჟანიამ განაცხადა, რომ ტურიზმი და სოფლის მეურნეობა აფხაზეთის ეკონომიკის განვითარების საფუძველია. მან დასძინა: „ჩვენი გეოგრაფიის გათვალისწინებით, ხელსაყრელია სატრანსპორტო კომუნიკაციების განვითარებაც, ისევე როგორც ისეთი თანამედროვე, ახალი ტიპის ტექნოლოგიები, როგორიცაა IT ტექნოლოგიები“, – აღნიშნა მან: „ჩვენ ამ მიმართულებით მივდივართ და სწორ გზაზე ვდგავართ“.

მან ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთი ავითარებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას და რეგულარული საზღვაო კავშირები დაამყარა რუსეთის ფედერაციასთან.