საზოგადოება
ბელარუსის პრეზიდენტი: „მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს, პირველ რიგში, რუსეთთან, ჩვენთან, ეკონომიკა უმჯობესდება“

 საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (ОДКБ) დაკავშირებით სომხური მხარის განცხადებების კომენტირებისას თქვა, რომ კმაყოფილია საქართველოს მიერ რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობების" დამყარებით.

"მადლობა ღმერთს, [საქართველო] ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს, პირველ რიგში, რუსეთთან, ჩვენთან, ეკონომიკა უმჯობესდება... ამერიკელებმა საქართველო უკვე დაივიწყეს. როგორც კი ქართველებმა დაიწყეს მოძრაობა იმ გაგებით, რომ ეს მათი ქვეყანაა, დამოუკიდებელი და სუვერენული, დასავლეთმა, მათ შორის და უპირველეს ყოვლისა, აშშ-, მათზე ზეწოლა დაიწყო. ასე რომ, შესაბამისი დასკვნის გამოტანაა საჭირო. ისინი დასავლეთში არავის სჭირდება". - თქვა ლუკაშენკომ.

ბელარუსის ლიდერმა საქართველოს მიერ დსთ-ს დატოვებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ "დაბრუნება ყოველთვის უფრო რთულია".

"გასვლა ადვილია, მაგრამ შესვლა რთული იქნება. მაგალითი ისევ საქართველოა. ის დსთ-დან და ყველა სტრუქტურიდან გავიდა. რა, მისთვის ეს უკეთესია? არა. მიზანშეწონილია დაბრუნება. მაგრამ დაბრუნება ყოველთვის უფრო რთულია, არის სახის დაკარგვა და ასე შემდეგ". - თქვა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, დღეს შეიძლება აშშ-ში ბაიდენი მხარს უჭერს უკრაინას, სომხეთს და ა.შ. თუმცა, "ხვალ მთავრობა შეიცვლება და ტრამპი იტყვის - მისმინე, მე არ გიცნობთ, მეგობრებო, პირველად გნახეთ".

ლუკაშენკომ სომხურ მხარეს ურჩია, "არ იჩქარონ და არ გააკეთონ უეცარი მოძრაობები". ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ თუ სომხეთი ОДКБ-ს დატოვებს, ორგანიზაცია "არ დაიშლება, არ განადგურდება".

22 თებერვალს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა France 24-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ ქვეყანამ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) მონაწილეობა შეაჩერა.