უცხოეთი
კრემლში აცხადებენ, რომ დასავლელი სამხედროების უკრაინაში გაგზავნა გარდაუვლად გამოიწვევს რუსეთისა და ნატო-ს პირდაპირ დაპირისპირებას

 საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. კრემლში აცხადებენ, რომ დასავლელი სამხედროების უკრაინაში გაგზავნა გარდაუვლად გამოიწვევს რუსეთისა და ნატო-ს პირდაპირ დაპირისპირებას. ასე გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი საფრანგეთის ლიდერის, ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომელშიც მან უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ძალების გაგზავნა არ გამორიცხა.

„თუ ასეთი რამ მოხდება, მაშინ მოგვიწევს საუბარი არა რუსეთისა და ნატო-ს პირდაპირი დაპირისპირების შესაძლებლობაზე, არამედ ამის გარდაუვალობაზე“, – განაცხადა პესკოვმა.

როგორც პუტინის პრესმდივანმა თქვა, პარიზში გამართულ კონფერენციაზე, სადაც უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილები, უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ძალების საკითხზე კონსენსუსი არ შედგა.

„ამ შეხვედრის ბევრი მონაწილე საკმარისად საღად აფასებს ასეთი ქმედების პოტენციურ საფრთხეს და ცხელ კონფლიქტში უშუალოდ ჩართვის პოტენციურ საფრთხეს, უკვე ბრძოლის ველზე ჩართვის საფრთხეს. ეს, ცხადია, ამ ქვეყნების ინტერესებში არ შედის, ისინი ამას უნდა აცნობიერებდნენ“, – განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, 26 თებერვალს პარიზში გამართულ კონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა არ გამორიცხა უკრაინაში დასავლეთის სახმელეთო ძალების გაგზავნის შესაძლებლობა.

1tv.ge