საქართველო, 28 თებერვალი, საქინფორმი. ნატო უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„ნატო-ს მოკავშირეები უკრაინას უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევენ. ჩვენ ამას 2014 წლიდან ვაკეთებთ და სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უფრო მეტად გავაქტიურდით. მაგრამ უკრაინის ტერიტორიაზე ნატო-ს ჯარების განთავსება არ იგეგმება“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
„ეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომია, რომელიც საერთაშორისო სამართალს უხეშად არღვევს. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, უკრაინას, რა თქმა უნდა, თავდაცვის უფლება აქვს და ჩვენ უფლება გვაქვს, რომ მათ ამ უფლების დაცვაში მხარი დავუჭიროთ“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მომავალში უკრაინის ტერიტორიაზე დასავლეთის ჯარების გაგზავნა არ გამორიცხა, მაგრამ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მოკავშირეებს შორის კონსენსუსი არ არსებობს.