საზოგადოება
ეროვნული ბანკი: დეკემბერთან შედარებით, იანვარში საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 72 მილიონი ლარით გაიზარდა

 საქართველო, 29 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2024 წლის იანვრის ბოლოსათვის 50.68 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 72.08 მლნ ლარით, ანუ 0.14%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის ცნობით, იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 1.95 მლრდ ლარით, ანუ 10.08%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.88 მლრდ ლარით, ანუ 6.02%-ით შემცირდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2024 წლის იანვრის ბოლოსათვის 50.22 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.95 პროცენტული პუნქტით.

ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, იანვარში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.10% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 10.60%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 2.05%. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა – 78.68%, ხოლო ევროს წილმა 19.68% შეადგინა.