საზოგადოება
გარდაიცვალა სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრი

 საქართველო, 5 მარტი, საქინფორმი. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრი, გენერალ-ლეიტენანტი ჯემალ გახოკიძე 73 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება „პირველი არხი“.

გახოკიძე 1973-1997 წლებში იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამომძიებლის, დეპარტამენტის თავმჯდომარისა და მინისტრის მოადგილის თანამდებობებს, 1997-1998 წლებში იყო სახელმწიფო უშიშროების მინისტრი, 1999-2004 კი წლებში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ჯემალ გახოკიძე 2004-2005 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო, 1989-2004 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი. 2004-2009 წლებში იყო სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, ლექციებს კითხულობდა სისხლის სამართალში, სისხლის სამართლის პროცესსა და კრიმინოლოგიაში. 2009 წლიდან იყო სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

გახოკიძეს მინიჭებული აქვს გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება. იყო საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალების „თემიდას“, „ბიზნეს-ინჟინერინგისა“ და ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ელექტრონული ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი.

იყო 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, ხუთი სახელმძღვანელოსა და ორი მონოგრაფიის ავტორი.