საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: გვარამია, მელია, ხაზარაძე არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“

 საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. გვარამია, მელია, ხაზარაძე არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, როგორი ბნელი წარსულიც ჰქონდათ, ასეთი ბნელი იქნება მათი მომავალიც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, მათი პოლიტიკური მომავალი იქნება ბნელი და მძიმე.

გვარამია, მელია, მათი პოლიტიკური მომავალი იქნება ზუსტად ისეთივე, როგორიც იყო მათი პოლიტიკური წარსული, ანუ ბნელი და მძიმე. ასეთი იყო გვარამიას, მელიას, ხაზარაძის პოლიტიკური წარსული. თქვენ გახსოვთ, რას აკეთებდნენ ეს ადამიანები 2012 წლამდე. მაგალითად, მელიაზე მახსენდება მის მიერ „ქართუ ბანკის“ გაკოტრება. ეს არის კრიმინალი, რომელიც მან ჩაიდინა 2012 წლამდე. გვარამიაზე მახსენდება „იმედში“ შევარდნა, ამის „გაპრავება“, მედიის თავისუფლების შეზღუდვა, ადამიანების უფლებების ხელყოფა, ადეიშვილის მოადგილეობა. ეს არის ის სიბნელე, რომელსაც ვერ დავაბრუნებთ და, პირველ რიგში, ქართული საზოგადოება არ დააბრუნებს. ხაზარაძეზე მახსენდება ბიზნესის რეკეტში მონაწილეობა, „ელიტ ელექტრონიკსის“ საქმე, „მაგნატის“ საქმე და ასე შემდეგ. ეს რეკეტი და სიბნელე საქართველოში არ დაბრუნდება, ხალხი არ დააბრუნებს.

ხაზრაძე იყო ბიზნესმენი და იძლეოდა დაპირებას, რომ შემოიყვანდა ინვესტორებს საქართველოში, თუმცა ესეც ვერ მოახერხა. მას ანაკლია ბარდებოდა, როგორც ბიზნესმენს. ის იყო კერძო ბიზნესმენი, მას ჩაბარდა ეს პროექტი, თუმცა ვერცერთი ინვესტორი ვერ დააინტერესა ანაკლიის პროექტით. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაშიც კი შევიტანეთ ჩანაწერი ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით, ვერცერთი ინვესტორი ვერ შემოიყვანა. გვარამია, მელია, ხაზარაძე – ეს ხომ ერთი ჯგუფია. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. როგორი ბნელი წარსულიც ჰქონდათ ამ ადამიანებს, ასეთივე ბნელი იქნება მათი მომავალიც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.