საზოგადოება
სალომე ზურაბიშვილი: შეიძლება ნორმალური ეკონომიკური ურთიერთობა გვქონდეს ჩინეთთან, მაგრამ სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტზე ბევრი კითხვა მაქვს

 საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. დღეს ჩვენი პარტნიორები უნდა ამოვარჩიოთ და ლავირება არ უნდა იყოს - შეიძლება ნორმალური ეკონომიკური ურთიერთობა გვქონდეს ჩინეთთან, მაგრამ სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტზე ბევრი კითხვა მაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ისტორიული გაკვეთილები ცუდადაა გაგებული.

"ვფიქრობ, ჩვენი ისტორიული გაკვეთილები ცუდადაა გაგებული. წინა საუკუნეებში იყო პერიოდები, როცა საქართველო სხვადასხვა იმპერიებს შორის რაღაც ბალანსს აწარმოებდა. სულ სხვა დრო და გარემო იყო. დღეს უნდა ამოვირჩიოთ ჩვენი პარტნიორები და ლავირება არ უნდა იყოს. შეიძლება ნორმალური ეკონომიკური ურთიერთობა გვქონდეს ჩინეთთან, მაგრამ სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტზე ბევრი კითხვა მაქვს. ეს დოკუმენტი არ იქნა შემუშავებული არც პრემიერის ადმინისტრაციაში, არც პარლამენტში განხილულა. მე მეუბნებიან, როგორ ბედავთ წარმომადგენლობის როლის აღებას საგარეო პოლიტიკაში, როდესაც პარლამენტი არის ახალი პოლიტიკის მწარმოებელიო. კონსტიტუციაში ასე წერია”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

კითხვაზე, რა ინფორმაცია აქვს იმაზე, თუ სად შემუშავდა ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტი, პრეზიდენტი ამბობს, რომ არ იცის - “ალბათ, ჩინეთში”.

წარმოადგინეს დოკუმენტი, სადაც ორი აბზაცი მაინც არის ჩემთვის გაუგებარი. ერთი ეხება სუვერენობას და ზოგადი წინადადებაა, რომ ყველა ქვეყნის სუვერენობაა აღიარებული. შემდეგ კი მკაფიოდაა საუბარი ერთიან ჩინეთზე, მაგრამ არაფერია ნათქვამი ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. აქ ნათლად ჩანს დისბალანსი.

მეორე არის ჩვენი შეფასება ჩინეთის მმართველობის იმ დროს, როდესაც ჩვენი მმართველობის მოდელი დემოკრატიული რეფორმებისკენ და არა [არ უნდა იყოს] ერთპარტიული მოდელის შეფასება-დაფასება. ამიტომ ბევრი კითხვა ისმება ამ დოკუმენტის მიმართ. დღეს მსოფლიოში ყველა სახელმწიფოს მეტ-ნაკლებად აქვს ჩინეთთან ურთიერთობა. უზარმაზარი სახელმწიფოა. გასაგებია, რომ ჩვენც იმ ადგილზე, სადაც ვართ, გარკვეული ურთიერთობები უნდა ჩამოვაყალიბოთ, თუმცა ეს არ ნიშნავს გაურკვევლობის გაჩენას ჩვენი მთავარი პარტნიორებისთვის. ამიტომ ცოტა გამოცდილებაც საჭიროა საგარეო პოლიტიკაში”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

კითხვას, ჩინეთთან პარტნიორობის თაობაზე მიზანმიმართულია თუ არა ხელისუფლების ქმედებები, პრეზიდენტი შემდეგნაირად პასუხობს: “არ ვიცი, სხვის ტვინში ვერ ჩავიხედავ, შემიძლია ვიმსჯელო იმაზე, რაც ჩანს და ვთქვა, სად არის გადახვევა, რა არის ზედმეტი და უნდა გამოსწორდეს”.