უცხოეთი
აზერბაიჯანში ათზე მეტი ჟურნალისტი და ოპოზიციონერი დააკავეს

 საქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. ოთხშაბათს აზერბაიჯანში დააკავეს ცხრა ჟურნალისტი, რომლებიც დაკავშირებული არიან დამოუკიდებელ საინტერნეტო ტელეარხ Toplum TV-თან, დააკავეს ასევე მინიმუმ სამი პოლიტიკური აქტივისტი. ეს მოხდა ჩხრეკის შემდეგ Toplum-ის რედაქციასა და დაკავებულთა ბინებში. ჩხრეკისა და დაკავებების შესახებ მათმა ახლობლებმა BBC-სა და რადიო თავისუფლების აზერბაიჯანულ სამსახურს შეატყობინეს. აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრო კომენტარზე უარს ამბობს.

ბაქოში, Toplum TV-ის რედაქციაში, ჩხრეკა დილით დაიწყო. ჟურნალისტების ნათესავები ჰყვებიან, რომ ისინი პოლიციამ წაიყვანა და მათთან კონტაქტი არა აქვთ. Toplum-ის მთავარმა რედაქტორმა ხადიჯა ისმაილმა განაცხადა, რომ არ იცის, რა შეიძლება გამხდარიყო დევნის მიზეზი და რომ Toplum-ის წინააღმდეგ საქმის აღძვრისთვის არავითარი იურიდიული საფუძველი არ არსებობს. „არ ვყოფილვართ გარეული არცერთ დანაშაულში და არ ჩაგვიდენია არავითარი უკანონო ქმედება“, - თქვა მან. „ეს მხოლოდ მორიგი ნაბიჯია ქვეყანაში მიმდინარე რეპრესიების ტალღაზე“.

რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახური აზუსტებს, რომ ჩხრეკის შემდეგ საკუთარ სახლში დააკავეს Toplum-ის თანამშრომელი ფარიდ ისმაილილოვი. ნათესავების თქმით, ჩხრეკის მსვლელობისას ამოიღეს სამი ათასამდე ევრო, ამასთან ისმაილილოვმა განაცხადა, რომ ეს ფული მას არ ეკუთვნოდა.

ჩხრეკა ჩატარდა სამოქალაქო აქტივისტ აკიფ გურბანოვის სახლშიც, ისიც დააკავეს. პოლიციამ არც გურბანოვის და არც ისმაილილოვის ადვოკატებს არ მისცა ჩხრეკაზე დასწრების უფლება.

Toplum TV არის დამოუკიდებელი საინტერნეტო ტელევიზია. სხვათა შორის ის აქვეყნებს მასალებს აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების დარღვევისა და კორუფციის შესახებ.

სამი დაკავებული აქტივისტი - აკიფ გურბანოვი, არაზ ალიევი და რუსლან იზეთლი - ეკუთვნის საზოგადოებრივ მოძრაობა „III რესპუბლიკის პლატფორმას“. მოძრაობა მხარს უჭერს პრეზიდენტის ძალაუფლების შეზღუდვასა და მმართველობის საპარლამენტო ფორმაზე გადასვლას.

2023 წლის ბოლოს აზერბაიჯანში ათამდე ჟურნალისტი დააკავეს. მათი უმრავლესობა იყო გამოცემა „აბზას მედიას“ თანამშრომლები. ამ საქმესთან დაკავშირებით დაპატიმრებები შარშან 20 ნოემბერს დაიწყო.

radiotavisupleba.ge