საზოგადოება
ნიკა მელია და ნიკა გვარამია „ახალში“ გაერთიანდნენ - ჩვენი ერთ-ერთი სიმბოლოა თეთრი, რომელიც სისუფთავის და მოუსყიდაობის ფერია

 საქართველო, 12 მარტი, საქინფორმი. ნიკა მელიამ და ნიკა გვარამიამ პარტია „ახალში“ გაერთიანების შესახებ ოფიციალურად განაცხადეს.

როგორც ნიკა გვარამიამ განაცხადა, პარტიის წარმომადგენლებმა იციან, როგორ დაძლიონ გამოწვევები.

ჩვენი პარტია არის „ახალი“, ჩვენ ვართ ერთად, ჩვენ ვიბრძვით საქართველოში ახალი გზებით ცვლილებებისთვის. ჩვენ შევცვლით, რადგან ჩვენ ვიცით ბრძოლა, ვიცით, რა ფასი აქვს მოუსყიდაობას, სამშობლოს მსახურებას, ვიცით, როგორ დავძლიოთ სირთულეები და როგორ დავძლიოთ გამოწვევები. ჩვენ ასევე ვიცით, როგორ ვმართოთ. ჩვენი ფერია მწვანე, ეს არის სიახლის, ახალი დასაწყისის ფერი, ჩვენი ფერია ნარინჯისფერი, ეს არის დაუცხრომელი ენერგიის, წინსვლის და იმედის ფერი. ჩვენ ვფიქრობთ, ეს არის ჩვენი მთავარი ფასეულობები, თეთრთან ერთად, რომელიც სისუფთავის, მოუსყიდაობის და ბედნიერების ფერია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გავალთ წინ. ეს არის ჩვენი სიმბოლოები, წინ მიმართული ისარი. ეს არის სწრაფად წინ მოძრაობა ამ დაპაუზებულ ქვეყანაში. ეს არის მთავარი განაცხადი, ჩვენ ვივლით მხოლოდ წინ და არ გავიხედავთ უკან. ჩვენ უნდა დავამარცხოთ, პირველ რიგში, საკუთარი თავი ჩვენს ამბიციებში და მხოლოდ გაერთიანების შემდეგ ჩვენ შევძლებთ ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას. ლოგოც კარგად აჩვენებს ჩვენს გაერთიანებას, ჰარმონიულ და სინქრონულ მოქმედებას. ერთ-ერთი მთავარი, რაც ჩვენ გვაქვს, ეს არის ნომერი 4, რომელიც ხდება ახალი სიმბოლო, ახალი ნომერი გამარჯვების“, – განაცხადა გვარამიამ.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, პარტიაში გაერთიანდნენ: ნინო კვიტაიშვილი, დარეჯან ცხვიტარია, ანა გოგოლაძე, ნოდარ ჩაჩანიძე, მაია კოპალეიშვილი, დიმიტრი ბიძინაშვილი, გიორგი კირთაძე, მირდატ ქამადაძე, გედევან ფოფხაძე და სხვები.