საქართველო, 26 მარტი, საქინფორმი. აშშ სხვადასხვა არხით ცდილობს, დაარწმუნოს თავისი თანამოაზრეები და მსოფლიოს სხვა ქვეყნები, რომ, მათი სადაზვერვო მონაცემებით, მოსკოვის ტერაქტში, სავარაუდოდ, არ არსებობს კიევის კვალი, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომელმაც ვიდეოკონფერენციის საშუალებით მთავრობის, რეგიონების, სპეცსამსახურებისა და ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა.
მისი თქმით, დანაშაული ჩაიდინეს რადიკალი ისლამისტების ხელით, თუმცა მოსკოვს აინტერესებს, ვინ არის დამკვეთი.
„ჩვენ ვიცით, რომ დანაშაული ჩაიდინეს რადიკალი ისლამისტების ხელით, რომელთა იდეოლოგიას თავად ისლამური სამყარო საუკუნეების განმავლობაში ებრძოდა, თუმცა ჩვენ ასევე ვხედავთ, რომ აშშ სხვადასხვა არხით ცდილობს, დაარწმუნოს თავისი თანამოაზრეები და მსოფლიოს სხვა ქვეყნები, რომ, მათი სადაზვერვო მონაცემებით, მოსკოვის ტერაქტში, სავარაუდოდ, არ არსებობს კიევის კვალი. ჩვენ ვიცით, ვისი ხელით ჩაიდინეს ეს სისასტიკე რუსეთისა და მისი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ გვაინტერესებს, ვინ არის დამკვეთი. ჩვენს სადაზვერვო სამსახურებსა და სამართალდამცავ უწყებებს შორის ერთობლივი მუშაობისას აუცილებელია რიგ კითხვებზე პასუხის მიღება. მაგალითად: არიან თუ არა რეალურად დაინტერესებული რადიკალური და თუნდაც ტერორისტული ისლამური ორგანიზაციები რუსეთზე დარტყმით, რომლებიც დღეს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის სამართლიანი გადაწყვეტის მომხრე არიან? და რადიკალი ისლამისტები, რომლებსაც, სხვათა შორის, მორწმუნე მუსლიმებად აფასებენ, როგორ ჩადიან სერიოზულ სისასტიკეს და დანაშაულს რამადანის წმინდა თვეში? ერთი რამ ცხადია: 22 მარტს რუსეთის დედაქალაქში ჩადენილი საშინელი დანაშაული, როგორც უკვე ვთქვი, არის დაშინების აქტი“, – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ტერაქტი შეიძლება, გამოყენონ უკრაინაში იმის საჩვენებლად, რომ „ყველაფერი დაკარგული არ არის“ და წაახალისონ მობილიზაცია.
„მიზანი, როგორც უკვე ვთქვი, არის ჩვენს საზოგადოებაში პანიკის დათესვა და ამავდროულად, საკუთარი მოსახლეობისთვის ჩვენება, რომ კიევის რეჟიმისთვის ყველაფერი დაკარგული არ არის. თქვენ, უბრალოდ, უნდა შეასრულოთ თქვენი დასავლელი კურატორების ბრძანებები, იბრძოლოთ ბოლო უკრაინელამდე, დაემორჩილოთ ვაშინგტონის ბრძანებას და მიიღოთ ახალი კანონი მობილიზაციის შესახებ, მოიპოვოთ ახალი იარაღი და დამატებითი თანხა, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს მოიპარავთ და ჯიბეში ჩაიდებთ, როგორც ეს დღეს ჩვეულებრივად ხდება უკრაინაში. რა თქმა უნდა, პასუხი უნდა გავცეთ კითხვაზე: რატომ ცდილობდნენ ტერორისტები დანაშაულის ჩადენის შემდეგ უკრაინაში წასვლას, ვინ ელოდა მათ იქ? ნათელია, რომ მათ, ვინც კიევის რეჟიმს უჭერს მხარს, არ უნდათ, იყვნენ ტერორის თანამონაწილეები და ტერორიზმის დამფინანსებლები, მაგრამ მართლაც ბევრი კითხვაა“, – განაცხადა პუტინმა.
1tv.ge