უცხოეთი
დმიტრო კულება მოუწოდებს დასავლეთს, გადასცენ უკრაინას ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემები - მოგვეცით წყეული „პეტრიოტები“

 საქართველო, 27 მარტი, საქინფორმი. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მოუწოდებს დასავლეთს, გადასცენ უკრაინას ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემები.

დმიტრო კულებას თქმით, უკრაინას დღეს ყველაზე მეტად სჭირდება „პეტრიოტის“ ტიპის ანტისარაკეტო სისტემები.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში თქვა.

„მოგვეცით წყეული „პეტრიოტები“. ჩვენ რომ გვქონდეს ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემების საკმარისი რაოდენობა, კერძოდ კი „პეტრიოტები“, ჩვენ შევძლებდით არა მხოლოდ ჩვენი ხალხის სიცოცხლის დაცვას, არამედ განადგურებისგან ვიხსნიდით ჩვენს ეკონომიკასაც“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

მისივე თქმით, ანტისარაკეტო სისტემები ასევე გააუმჯობესებდა ფრონტის ხაზზე არსებულ მდგომარეობას, სადაც რუსული ავიაცია მასობრივად იყენებს საავიაციო ბომბებს, რაც საოკუპაციო ძალებს უპირატესობის მოპოვების საშუალებას აძლევს.

„ეს ბომბები, უბრალოდ, თავზე გვეცემა და ყველაფერს ანადგურებს. სწორედ ამგვარად ვკარგავთ პოზიციებს და ერთადერთი გზა ამის პრევენციისთვის არის თვითმფრინავების ჩამოგდება. ჩვენ გვჭირდება ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემები“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

1tv.ge