აქტუალური
არჩილ თალაკვაძე - ოპოზიციას: რომ არა ბიძინა ივანიშვილი, საქართველო იქნებოდა იმ კოშმარში, რომელშიც თქვენი ხელისუფლების დროს იყო

 საქართველო, 3 აპრილი, საქინფორმი. თქვენ გაწირეთ მოქალაქეები და რომ არა “ქართული ოცნება”, ბიძინა ივანიშვილი და მისი ლიდერობით გატარებული დემოკრატიული რეფორმები, დღემდე საქართველო იქნებოდა იმ კოშმარში, რომელშიც თქვენი ხელისუფლების დროს იყო, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, საქართველოს დღეს აქვს დაცული მშვიდობა, ეკონომიკური ზრდა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაც მისივე შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მაშინ მოხდა, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაასამარა ყველაფერი ევროპული ამ ქვეყანაში“.

თალაკვაძემ კიდევ ერთხელ შეახსენა ოპოზიციას, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ და მოუწოდა, თავი დაანებონ პოპულიზმს, დაესწრონ სხდომებს და უფრო მეტად ჩაერთონ დებატებში, სადაც კიდევ უფრო მეტ არგუმენტს მოისმენენ.

ვულოცავ საქართველოს, ვულოცავ ჩვენს საზოგადოებას, თანამემამულეებს ამ ისტორიულ გამარჯვებას. მადლობა საქართველოს ნაკრებს შესანიშნავი თამაშისთვის. საქართველო ფორმაშია და საქართველო ფორმაშია არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ, ბევრი სხვა მიმართულებით, რაც არის იმის დამსახურება, რომ ქვეყანას აქვს პროგრესი და ამ პროგრესს ხედავს ჩვენი საზოგადოება და ხედავენ ჩვენი პარტნიორებიც. რა თქმა უნდა, აქ დასმულ ყველა საკითხზე არსებობს საქმიანი პასუხები და არსებობს რიტორიკული პასუხებიც. თუმცა ეს ის ოპოზიციაა, რომელიც არცერთი პოლიტიკური დებატის დროს დარბაზში არ რჩება და მას არ შეუძლია პასუხების მოსმენა. ტყუილად წუწუნებენ აქ და წუხან, რომ პასუხები ვერ მოისმინეს რამეზე. მინდა, ეს პასუხები კიდევ ერთხელ მოგასმენინოთ, რაც ამ დარბაზში არაერთხელ ითქვა. პირველ რიგში, სოციალურად დაუცველთა ბაზა გაიზარდა იმიტომ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ჩვენ შევცვალეთ წესი, როდესაც სოციალურად დაუცველი მოქალაქე თუ სამსახურს მოძებნის, ამის გამო მას არ უუქმდება სოციალურად დახმარება. დისკუსიიდან არათუ გარბიხართ, საერთოდ ვერ მონაწილეობთ დისკუსიებში. ცარიელი დარბაზის უამრავი კადრი არსებობს პარლამენტის სამუშაო არქივში, როდესაც თქვენ თქვენს ადგილებზე არ ხართ პოლიტიკური დებატების დროს. რა გავაკეთეთ ჩვენ - 5 ლარიანი დახმარება სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის, რომელიც თქვენ გქონდათ გავზარდეთ და დღეს ეს არის 200 ლარი თითოეულ ბავშვზე, ვისაც სოციალური დახმარება სჭირდება ამ ქვეყანაში. ჯანდაცვა, რომელიც თქვენ ბიზნესად გადააქციეთ და 2-3 მონოპოლიურ კარტელს ჩაუდეთ ჯიბეში, ჩვენ დავუბრუნეთ მოქალაქეებს და დღეისთვის 10.6 მილიონი სამედიცინო შემთხვევა აქვს სახელმწიფოს დაფინანსებული. თითოეული ღირს არანაკლებ 1500 ლარი და ზოგიერთი 10 ათასობით ლარი ჯდება. პენსია 100 ლარი გქონდათ თქვენ, როდესაც ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება. დღეს 320-დან 415 ლარის ფარგლებში გაიცემა პენსიები საქართველოს მასშტაბით. ჩვენ შევქმენით 245 000 სამუშაო ადგილი მხოლოდ კერძო სექტორში და თქვენ ატყუებთ საზოგადოებას და შეურაცხყოფას აყენებთ ბიზნესს და დამსაქმებლებს, როდესაც ასახელებთ აქ იმ რიცხვებს, რომლითაც სპეკულირებთ და ცუდ პოპულიზმს მიმართავთ.

თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში გაფორმდა ევროკავშირთან - მხოლოდ ამ ხელშეკრულებით მაგალითად შარშან საქართველომ მიიღო 700 მილიონი ევროს შემოსავალი ექსპორტის შედეგად. ჩვენმა მოქალაქეებმა, ფერმერებმა გაიტანეს თავისი პროდუქცია ექსპორტზე ევროპულ ბაზარზე. ესეც შემოსავალია თითოეულ ოჯახში და პირდაპირ შინამეურნეობებში იყო მიმართული. დღეს თქვენ საუბრობდით, თითქოს მოქალაქეები გაწირეთო. მე გეტყვით სინამდვილეში მოქალაქეები როგორ გაწირეთ თქვენ. ჯერ ერთი, ემიგრაციის რეკორდი თქვენ გეკუთვნით, და აქ რამდენჯერ საუბრობთ და იტყუებით, თქვენ გეკუთვნით ემიგრაციის რეკორდი, თან მაშინ, როდესაც უვიზო რეჟიმი არ ჰქონდა საქართველოს და უვიზო რეჟიმი რომ გვქონოდა ორ-სამჯერ მეტი ადამიანი დატოვებდა ქვეყანას თქვენი ხელისუფლების პირობებში. მოქალაქეები გაწირეთ თქვენ, როდესაც 300 000 ადამიანი გაატარეთ პენიტენციური სისტემის უმძიმეს ტერორში და დღესაც ძალიან ბევრს არ შეუძლია, ნორმალურად შეასრულოს თავისი სოციალური თუ ეკონომიკური ფუნქცია იმიტომ, რომ დაუზიანეთ ჯანმრთელობა და ფსიქიკა. თქვენ გაწირეთ ჯარისკაცები, როდესაც მიატოვეთ ისინი ბრძოლის ველზე. თქვენ გაწირეთ პენსიონერები, როდესაც “ღიმილიან საქართველოს პროგრამაში” გყავდათ ჩართული. თქვენ გაწირეთ პაციენტები, როდესაც ჯანდაცვა გადააქციეთ ბიზნესად. თქვენ გაწირეთ ჟურნალისტები, როდესაც რეიდები ჩაატარეთ და დააპატიმრეთ ყველა, ვისაც განსხვავებული აზრი ჰქონდა ამ ქვეყანაში. თქვენ გაწირეთ მოქალაქეები და რომ არა “ქართული ოცნება”, რომ არა ბატონი ბიძინა ივანიშვილი და მისი ლიდერობით გატარებული დემოკრატიული რეფორმები დღემდე საქართველო იქნებოდა იმ კოშმარში, რომელშიც თქვენი ხელისუფლების დროს იყო. ამიტომ, პოპულიზმს დაანებეთ თავი, დარბაზში დასწრება მოინდომეთ უფრო მეტად და ჩაერთეთ დებატებში, სადაც კიდევ უფრო მეტ არგუმენტებს მოისმენთ. საქართველოს დღეს აქვს დაცული მშვიდობა, აქვს ეკონომიკური ზრდა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ეს ყველაფერი მოხდა ჩვენი ხელისუფლების პირობებში მაშინ, როდესაც თქვენ დაასამარეთ ყველაფერი ევროპული ამ ქვეყანაში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.