საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. გერმანია საქართველოსთვის სანდო პარტნიორად რჩება. ევროკავშირის მიმართულებით საქართველოს გზას მომავალშიც დავუჭერთ მხარს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შოლცის თქმით, მოხარულია, რომ საქართველოში ბევრი რეფორმა ტარდება.
„მოხარული ვართ, რომ ძალიან ბევრი რეფორმა ტარდება, რომლებიც უნდა გაგრძელდეს, ვგულისხმობ სასამართლოს რეფორმას, საპარლამენტო კონტროლის დარგში რეფორმებს და ასევე დეოლიგარქიზაციის შესახებ რეფორმებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები თავისუფლად, სამართლიანად ჩატარდეს. ეს გახლავთ საფუძველი კანდიდატის სტატუსის შემდეგი პროცესის განვითარებისთვის. გერმანია საქართველოსთვის სანდო პარტნიორად რჩება, ჩვენ საქართველოს გზას ევროკავშირის მიმართულებით მომავალშიც მხარს დავუჭერთ“, – განაცხადა შოლცმა.
ამასთან, გერმანიაში ოლაფ შოლცისა და ირაკლი კობახიძის ერთობლივი პრესკონფერენცია გერმანულ ენაზე წარიმართა. პრესკონფერენციის დაწყებისას შოლცმა ირაკლი კობახიძეს მიმართა: „თქვენ მაგალითი ბრძანდებით, დისერტაცია დაიცავით დიუსელდორფში და შესანიშნავად ფლობთ გერმანულ ენას“.