პოლიტიკა
გიორგი ამილახვარი: ნახავთ, ათიათასობით ადამიანი როგორ გამოვა და კიდევ ერთხელ დაადასტურებს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერას

 საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. საზოგადოებას შევახსენებ, რომ „ქართული ოცნებამ“ ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე 48 პროცენტი აიღო და, ბოლო კვლევებით, ჩვენი მხარდაჭერა არის 60 პროცენტამდე გაზრდილი. ბუნებრივია, იმ პროცესების კვალდაკვალ, რომლებიც ახლა მიმდინარეობს პარლამენტში, ჩვენი ასიათასობით ამომრჩეველი, ბუნებრივია, ჩვენგან ითხოვს, მათაც მიეცეთ შესაძლებლობა, საჯაროდ დააფიქსირონ თავიანთი მოსაზრება კანონის დაცვით, – ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განათლების მინისტრმა განაცხადა, საზოგადოებას შორის არანაირ დაპირისპირებაზე საუბარი არ შეიძლება იყოს.

საქართველოში ყველა მოქალაქეს აქვს და ექნება გამოხატვის თავისუფლება კანონით დადგენილ ფარგლებში. მგონი, ბოლო დღეები ამას ადასტურებს. დაპირისპირებაზე საუბარი უკვე არის იმ აზრის დათესვა, რომ „ქართული ოცნება“ გარკვეულ დაპირისპირებას აღვივებს. პირიქით, ჩვენ გვინდა, მთლიანად საზოგადოებას, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებას დავანახოთ, რომ „ქართული ოცნება“ დღეს საუბრობს საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის სახელით. ასევე, გვინდა, ყველას დანანახოთ, რომ იმ რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც ბარიერის გადალახვის პრობლემა აქვთ – ერთი პარტიაა მხოლოდ, რომელიც ლახავს ხუთპროცენტიან ბარიერს – არ უნდა ჰქონდეთ უფლება, არც მორალური, არც ლეგიტიმური, რომ საქართველოს მთელი მოსახლეობის და საზოგადოების სახელით ისაუბრონ. ჩვენი ხელისუფლება თავის ამომრჩევლებს ვერანაირად ვერ შეუზღუდავს იმ უფლებას, რომ თავისუფალ პირობებში, ნებისმიერ ადგილას და დროს, ყველა პროცედური დაცვით, გამართონ აქცია. შემდგომ საზოგადოება ყველაფერს თავად დაინახავს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ნახავთ, ათითასობით ადამიანი როგორ გამოვა და კიდევ ერთხელ დაადასტურებს „ქართული ოცნების“ და იმ პროცესების მხარდაჭერას, რომლებიც ახლა ქვეყანაში მიდის“, – განაცხადა ამილახვარმა.

პარტია „ქართული ოცნების“ განცხადებაში ნათქვამია: ვითვალისწინებთ ჩვენი მხარდამჭერების თხოვნას და საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ 29 აპრილს ვატარებთ საყოველთაო-სახალხო შეკრებას“.