საზოგადოება
ირაკლი კობახიძესა და შარლ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

 საქართველო, 8 მაისი, საქინფორმი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შორის 3 მაისს სატელეფონო საუბარი გაიმართა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დაწერა, რომ მან საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განიხილა და კიდევ ერთხელ გამოხატა „ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ყველა ქართველის მიმართ, ვინც პირველ ადგილზე თავისი ქვეყნის ევროპულ მომავალს აყენებს“. მიშელის თქმით, „საქართველოს მოქალაქეების მოწოდება ღია დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოებისაკენ გათვალისწინებულ უნდა იქნას“. მან ხაზი გაუსვა, რომ „აქტიური დებატები ქვაკუთხედია და ახლა საჭიროა რეალური დიალოგი“. ხაზგასმით აღნიშნა რა, რომ „საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“, მან მოუწოდა ქართველებს: „არ გაუშვათ ხელიდან ეს ისტორიული შანსი“.

რაც შეეხება კობახიძის მიერ იგივე საუბრის შესახებ გავრცელებულ განცხადებას, მასში ნათქვამია, რომ მან შარლ მიშელთან საუბრისას გამოთქვა „სინანული იმის გამო, რომ არაერთი შეთავაზების მიუხედავად, პარტნიორები თავს არიდებენ საგნობრივ დისკუსიას გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის თაობაზე“.

გარდა ამისა, აღვნიშნე, რომ დღემდე ვერ მოვისმინეთ ვერცერთი არგუმენტი აღნიშნული კანონპროექტის წინააღმდეგ, რომლის ერთადერთი მიზანი ქართული საზოგადოების მიმართ შესაბამისი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაა“, – აცხადებს კობახიძე.

პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან საუბრისას ხაზი გაუსვა იმ გარემოებასაც, რომ „უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციები 2020-2023 წლებში საქართველოში რევოლუციის მოწყობის ორ მცდელობაში იყვნენ აქტიურად ჩართული“. იგი ასევე წერს, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება „არის აუცილებელი პირობა ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის შესრულებისთვის – ე.წ. დეპოლარიზაციის უზრუნველყოფისთვის”.