პოლიტიკა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოში ღრმა პოლარიზაციაა, მივიღეთ ცნობები დაშინების შესახებ, ვხედავთ ძალადობას

 საქართველო, 10 მაისი, საქინფორმი. საქართველოში ვიმყოფებით ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის მხარდასაჭერად. ყოველთვის მკაფიოდ ვამბობდით, რომ ეს საჭიროებს ინკლუზიურობას მთავრობის მხრიდან და კონსტრუქციულ მიდგომას ოპოზიციის მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ღრმა პოლარიზაციაა.

სამწუხაროდ, საქართველოში უკიდურესად ღრმა პოლარიზაციაა, ამას ყოველ საღამოს ტელეეკრანებზე ვხედავთ. მივიღეთ ცნობები დაშინების შესახებ, სხვადასხვა ადგილიდან სხვადასხვა ხალხთან განხორციელდა მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები. ვხედავთ ძალადობას, ცემას, ეს დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთი მოვლენების ადგილი არ არის, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს.

ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო მკაფიო – დაშინების, მუქარის, ძალადობის ნებისმიერი ფორმა ნებისმიერი მხრიდან ნებისმიერ გარემოებაში აბსოლუტურად მიუღებელია. ეს დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. შემიძლია, მხოლოდ გავიმეორო ის, რაც გენერალურმა დირექტორმა, ხერტ იან კოოპმანმა თქვა ვიზიტის დასრულების დროს, ტემპერატურამ უნდა დაიწიოს, სერიოზული მოლაპარაკებები დაიწყოს. საქართველოს ინტერესებშია ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლა. დაშინება, მუქარები, ძალადობა არ არის დემოკრატიის ნაწილი და საქართველო არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, ასე რომ, ეს აბსოლუტურად მიუღებელია“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

როგორც პაველ ჰერჩინსკიმ აღნიშნა, ჯერ კიდევ არის დრო კურსის შესაცვლელად და ევროინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად.

სამწუხაროდ, საქართვევლო კიდევ ერთხელ მოხვდა საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში და არა კარგი მიზეზებით. ჩვენ სერიოზულად შეშფოთებული ვართ და ეს შეშფოთება გამოითქვა ევროპელი ლიდერების მიერ. მიგვაჩნია, რომ ჯერ კიდევ არის დრო კურსის შესაცვლელად და ევროინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად. ჩვენ ბოლომდე ვიმუშავებთ საქართველოს ხელისუფლებასთან ამის განსახორციელებლად. ვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს დაშინება, ძალადობა, მუქარები. ვიმედოვნებთ, არ გავხდებით იძულებული, აღმოვჩნდეთ ვითარებაში, როგორიცაა ნაკლები ნაკლებისთვის, რაც მოვლენების უარყოფითი განვითარება იქნება და მძიმედ დაარტყამს რიგით მოქალაქეებს. არ გვსურს, ეს მოხდეს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ მოხდეს. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი ცუდად წავა და კანონპროექტი არსებული სახით იქნება მიღებული, ვერ გამოვრიცხავ, რომ იქნება შედეგები, განსხვავებული შედეგები.

როგორც იცით, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ფინანსურად, საუბარია მილიონობით ევროზე, რომელსაც ვურიცხავთ საქართველოს. მისი უდიდესი ნაწილი პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტში მიდის. ჩვენ ასევე გვაქვს ვიზალიბერალიზაცია, რაც ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობაში ამ დრომდე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მიღწევაა. რიგითი მოქალაქეები სარგებლობენ ამ შესაძლებლობით, მოგზაურობენ ევროკავშირში პროცედურების გარეშე. ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებით არსებობს გარკვეული ზომები და ევროკავშირი, შესაძლოა, იძულებული გახდეს, ეს გამოიყენოს, თუმცა ძალიან არ გვინდა ამ ეტაპზე გადასვლა. ჩვენ ამაზე საუბარიც კი არ გვსურს ახლა. საჭიროა ძალისხმევის გაორმაგება, გასამმაგება, რათა გადაიჭრას არსებული ვითარება და არ მოხდეს კანონპროექტის არსებული ფორმით მიღება, ასევე სერიოზულად დააჩქაროთ ცხრა ნაბიჯის განხორციელება“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.