უცხოეთი
ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს - დარწმუნებული ვარ, წარმატებით გავაგრძელებთ ერთობლივ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობების ყველა სფეროში გაფართოებაზე

 საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით გადმოგცემთ თქვენ და მთელ თქვენს ხალხს გულწრფელ მილოცვას მეგობარი საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან - დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მისალოც წერილშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გაუგზავნა.

„აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები სათავეს იღებს ჩვენი მეგობარი ხალხების ურღვევი ნებისა და განზრახვიდან, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდნენ კეთილმეზობლობისა და ურთიერთგაგების პირობებში. სასიხარულოა, რომ ჩვენმა სახელმწიფოთაშორისმა ურთიერთობებმა დღეს ახალი მასშტაბი შეიძინა, ურთიერთნდობასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული ჩვენი პარტნიორობა წარმატებით ვითარდება და მდიდრდება ახალი შინაარსით“, - აღნიშნულია წერილში.

ილჰამ ალიევი წერს, სატრანსპორტო, ენერგეტიკული და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც სტრატეგიული მნიშვნელობისაა და საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ ერთობლივად განხორციელდება, ემსახურება არა მხოლოდ ამ ორი ქვეყნის ხალხების ინტერესებს, არამედ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფართო რეგიონში - ევრაზიულ სივრცეში, ხსნის რა შეუცვლელ შესაძლებლობებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებით გავაგრძელებთ ერთობლივ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობების ყველა სფეროში გაფართოებაზე, ერთობლივი ინიციატივების განხორციელებაზე, ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებაზე ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის და ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს თქვენს საქმიანობაში, ხოლო საქართველოს მეგობარ ხალხს - მუდმივ კეთილდღეობას“, - აღნიშნულია წერილში.

interpressnews.ge