აქტუალური
შვიდი ოპოზიციური პარტიის განცხადება: ვაფასებთ აშშ-ის ძალისხმევას ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავლის დაცვის საქმეში

 საქართველო, 27 მაისი, საქინფორმი. აშშ-ის ამგვარი მხარდაჭერა საქართველოს თავისუფალი მოქალაქეების უწყვეტი, პრინციპული, მშვიდობიანი პროტესტის დამსახურებაა, რომელსაც ოლიგარქ ივანიშვილის მთავრობა ძალადობით პასუხობს. საქართველო ეკუთვნის არა რუს ოლიგარქს, არამედ თითოეულ ჩვენგანს, – ამის შესახებ ნათქვამია შვიდი ოპოზიციური პარტიის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ოპოზიციური პარტიები აფასებენ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ და ქმედით ძალისხმევას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის დაცვის საქმეში.

ჩვენ, პროდასავლური, დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ და ქმედით ძალისხმევას საქართველოს კონსტიტუციის, სუვერენიტეტისა და თავისუფლების, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის დაცვის საქმეში. აშშ-ის ამგვარი მხარდაჭერა საქართველოს თავისუფალი მოქალაქეების უწყვეტი, პრინციპული, მშვიდობიანი პროტესტის დამსახურებაა, რომელსაც ოლიგარქ ივანიშვილის მთავრობა ძალადობით პასუხობს. გვინდა, მივმართოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან რუსული რეჟიმის სამსახურში: იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ, ჩამოშორდეთ რუსულ რეჟიმს და შეუერთდეთ ქართველ ხალხს ჩვენი სამშობლოს ევროკავშირისა და ნატო-ში გაწევრიანებისთვის ბრძოლაში, კიდევ გრჩებათ შანსი, დაიცვათ საკუთარი თავი და ოჯახები საერთაშორისო სანქციებისგან. გადმოდით სიმართლის მხარეს. ამ შემთხვევაში მზად ვართ, ვიმოქმედოთ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, რომ ხელი შევუწყოთ თქვენი და თქვენი ოჯახების განრიდებას სანქციების მძიმე შედეგებისგან. საქართველო ეკუთვნის არა რუს ოლიგარქს, არამედ თითოეულ ჩვენგანს! კი ევროპას, არა რუსულ რეჟიმს!“, – წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ პარტიები: „ახალი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „რესპუბლიკელები“, „ლელო“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახლახან სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია: ვიწყებ აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირეულ გადახედვას. იმედი გვაქვს, საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და გადადგამენ ნაბიჯებს ერის დემოკრატიული, ევროატლანტიკური მისწრაფებებისკენ“. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს შემოაქვს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა, რომელიც გავრცელდება იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, ასევე, მათი ოჯახის წევრების მიმართ.