ეს განცხადება „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილის იმ განცხადების კომენტირებისას გააკეთა, სადაც სააკაშვილი აღნიშნავს, რომ დეპუტატთა რაოდენობის გაზრდა ოპოზიციის ინიციატივა იყო და ხელისუფლება მასთან კომპრომისზე წავიდა.
„პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდის საკითხი თავად ხელისუფლებამ დასვა ჩვენ წინაშე მარტში, როდესაც მათ საპასუხო წინადადებები მოგვიტანეს. ჩვენ ამ წინადადებებზე უარი ვთქვით ბევრი მიზეზის გამო. ბოლო ერთი თვის თუ თვე-ნახევრის განმავლობაში ვის რაზე შეუთანხმდა სააკაშვილი, ამაზე მე ვეღარ ვისაუბრებ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, სააკაშვილმა იცის, რომ პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდა არასწორი გადაწყვეტილებაა და პასუხისმგებლობის სხვაზე დაკისრებას ცდილობს. „ეს არ არის პირველი და არ იქნება ბოლო შემთხვევა, როდესაც ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელიც ხელისუფლების არასრულფასოვან წინადადებებს დათანხმდა, სახელისუფლო პიარის მეშვეობით ასეთი თემები უკან შემოუბრუნდება. რაოდენობის გაზრდაც „ნაციონალურ მოძრაობას“ უფრო სჭირდება, რადგან მათი გაზრდილი მადა მანდატების იმ რაოდენობაში ვერ ეტევა, რომელიც დღესაა განსაზღვრული“, – დასძინა ოპოზიციონერმა ლიდერმა.
საქინფორმი