უცხოეთი
„ფაინენშელ თაიმსი“ - ევროკომისია უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ივნისში შესთავაზებს

 საქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. ევროკომისია უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ივნისში შესთავაზებს, – ამის შესახებ „ფაინენშელ თაიმსი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

„ევროკომისია დღეს გამოაცხადებს, რომ უკრაინა აკმაყოფილებს დარჩენილ შეუსრულებელ კრიტერიუმებს ანტიკორუფციული ზომების, პოლიტიკური ლობირების შეზღუდვის, თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების წესებსა და უმცირესობათა დაცვის კუთხით. ევროკომისიას სურს, დაიწყოს ფორმალური მოლაპარაკებები კიევთან და კიშინეუსთან, რაც შეიძლება მალე, ამ თვეში, რათა ორივე ქვეყანას გაუგზავნოს დადებითი სიგნალი ევროკავშირში გაწევრიანების იმედის შესახებ“, – აღნიშნულია სტატიაში.

როგორც „ფაინენშელ თაიმსი“ წერს, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება არ ნიშნავს ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას ან საერთოდ გარანტირებულ მიღებას. მოლაპარაკებების პროგრესი და ხანგრძლივობა დამოკიდებულია როგორც კანდიდატ ქვეყანაში რეფორმების პროგრესზე, ასევე ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკურ ნებაზე.

1tv.ge