ლეიბორისტული პარტია აპროტესტებს 7 აგვისტოს უმძიმეს ღამეს, აგვისტოს ომის დაწყებისა და ჩვენი სამშობლოს სახელმწიფოებრივი დაშლის ღამეს, ქუთაისის ცენტრალური მოედნიდან საქართველოს გამაერთიანებლის სიმბოლოს – მეფე დავით აღმაშენებლის ძეგლის „გაძევებას“ და ავრცელებს სპეციალურ განცხადებას.
სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის უკვე გვაქვს:
1. შეგინებული და ბინძური პასკვილებით შეურაცხყოფილი ქართლის დედა (ელგუჯა ამაშუკელის ცნობილი სიმბოლური ქანდაკება;
2. რესპუბლიკის მოედნიდან „გაძევებული“ დავით აღმაშენებელი და უკიდურესად შეურაცხყოფილი თანამედროვეობის დიდი მოქანდაკე – მერაბ ბერძენიშვილი;
3. ბათუმის ბულვარიდან „გაძევებული“, კალთაში სავარძელჩამწვარი და შეურაცხყოფილი, აჭარის დედა-სამშობლოსთან დაბრუნების თავკაცი – მემედ აბაშიძე;
4. იმავე ბათუმის ცენტრალური მოედნიდან „გაძევებული“ ილია ჭავჭავაძე;
5. აფეთქებული და მსხვერპლით დასრულებული დიდების მემორიალის ნგრევა ქუთაისში და ქართული მეხსიერებიდან ჩვენი წინაპრების ფაშიზმთან და ნაციზმთან გმირული ბრძოლის ამოშლა;
6. სტალინის ძეგლის „გაძევება“ გორიდან და უმისამართოდ მისი გაქრობა;
7. სულ ახლახან დავით აღმაშენებლის „გაძევება“ ქუთაისის ცენტრალური მოედნიდან და თბილისიდან „გასაძევებლად“ გამზადებული მეფე ვახტანგ გორგასალი და მეფე ერეკლე – თელავიდან...
რა არის ეს – ავადმყოფობა? მანია, ფობია, თუ ეს გახლავთ ეროვნული სიმბოლოების წინააღმდეგ ბრძოლა? ეს მანქურთული პოლიტიკაა, რომელიც უნდა დავასრულოთ, ვინაიდან ჩვენი წარსული და საქართველოს ეროვნული სიმბოლოები ჩვენი ისტორია არ არის მხოლოდ.
ეს ჩვენი დღევანდელობა და მომავლის პასუხისმგებლობაა.