აქტუალური
თბილისი, 25 აგვისტო, საქინფორმი. როგორც თბილისის მერიასთან დღეს გამართულ აქცია-ბრიფინგზე „წმინდა გიორგის სადროშოს“ ხელმძღვანელმა და სამების საკათედრო ტაძრის დიაკონმა მამა ელიზბარ დიაკონიძემ განაცხადა, ზურაბ წერეთლის წმინდა გიორგის ძეგლი არამართლმადიდებლურ სტილშია შექმნილი და მისი დემონტაჟი უნდა განხორციელდეს. „ეს ძეგლი არამართლმადიდებლური სტილის არის. ნებისმიერი კუთხიდან რომ უყურებ, მხოლოდ გველეშაპი ჩანს“, – აღნიშნა მამა ელიზბარმა.
მამა ელიზბარის თქმით, წმინდა გიორგის მონუმენტის დემონტაჟისთვის 30 ათასი ხელმოწერა უკვე შეგროვებულია.
„წმინდა გიორგის სადროშო“ 30 აგვისტოს მთაწმინდის პანთეონში შეიკრიბება, შემდეგ მსვლელობას თავისუფლების მოედნისკენ მოაწყობს და წმინდა გიორგის ძეგლის დემონტაჟს კიდევ ერთხელ მოითხოვს. „წმინდა გიორგის სადროშომ“ მსვლელობის ნებართვისთვის განაცხადი თბილისის მერიაში უკვე შეიტანა.