წინა პუბლიკაციაში - „საბრალო ქართველს შეაწიეთ სიტყვა“, საუბარი იყო იმ საფრთხეებზე, რომლებიც ემუქრება საქართველოსა და ქართველ ერს იმ სამოქალაქო არასტაბილურობის პირობებში, რომელსაც გარედან მომავალი ჩარევა იწვევს. მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს ის გარემოება, რომ საქართველოს დღეს ირგვლივ არავინ ჰყავს, ვისაც შეიძლება დაეყრდნოს, მისი მეზობლები - რუსეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი – ერთმანეთთან ძალზე დაძაბულ ურთიერთობაში იმყოფებიან, ხოლო რუსეთი, რომელსაც საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვეტილი აქვს, უკრაინასა და NATO-სთან საომარ მდგომარეობაში იმყოფება.
არადა სულ ახლახან სომხეთი რუსეთის მთავარი ფორპოსტი იყო სამხრეთ კავკასიაში, ხოლო აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა რუსეთის ფედერაციასთან – ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებით, კულტურათაშორისი და რელიგიათაშორისი დიალოგის განვითარებით – მისაბაძ მაგალითს წარმოადგენდა ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის. მხოლოდ საქართველო იყო ამ ყველაფერში დისონანსის შემტანი თავისი ევროატლანტიკური მისწრაფებებით, თუმცა არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ეს გაუგებრობა დასრულდებოდა ტერიტორიული პრობლემების მოგვარებასთან ერთად და საქართველო დაუბრუნდებოდა კავკასიის ხალხთა მშობლიურ ოჯახს.
მაგრამ მოხდა საპირისპირო – საქართველოს კვალდაკვალ რუსეთს ჯერ სომხეთი, შემდეგ კი აზერბაიჯანი დაშორდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ლორდ პალმერსტონის სენტენციას – „არასწორია ვიფიქროთ, თითქოს რომელიმე ქვეყანა იყოს მუდმივი მოკავშირე ან სამუდამო მტერი ინგლისისთვის. ჩვენ არ გვყავს მუდმივი მოკავშირეები და სამუდამო მტრები. მხოლოდ ჩვენი ინტერესებია მუდმივი და მარადიული და ჩვენი ვალია მათ მივყვეთ“ – უნივერსალურია ყველა ქვეყნისთვის. ამიტომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელმოსაწერად გამზადებული სამშვიდობო შეთანხმება, რომელსაც მხარი დაუჭირა თურქეთმა (რომლის გულისთვის ფაშინიანმა უარი თქვა ეროვნული სიმბოლოს - არარატის მთის გამოსახულებაზე სავიზო ბეჭედზე), ისევე ილუზორულია, როგორც ზანგეზურის დერეფნის გახსნა. გაცილებით რეალურია მათ შორის ახალი გამწვავება, რასაც ირიბად ადასტურებს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის უკვე ხუთი წელი დაკეტილი სახმელეთო საზღვარი. განა კურიოზი არაა, რომ სომხეთის საზღვერი აზერბაიჯანსა და თურქეთთან იხსნება, ხოლო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დაკეტილია?! განა კურიოზი არაა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია-დელიმიტაცია დღემდე არ დასრულებულა? საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარს აკონტროლებს გარეჯის ქედის 25-კილომეტრიანი სტრატეგიული სიმაღლე, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდა VI საუკუნის აღმოსავლეთ საქართველოს მთავარი რელიგიური ცენტრის – დავით გარეჯას სამონასტრო კომპლექსთან ერთად. სჭირდება კი აზერბაიჯანს სტრატეგიული სიმაღლეები მოძმე საქართველოსთან საზღვარზე, რომ ამის გამო მიითვისოს ქართული სიწმინდე?
რატომ ხდება ყველაფერი ეს? იმიტომ, რომ ყველა ყოფილი თანამემამულე – ქართველი, რუსი, აზერბაიჯანელი და სომეხი „გადააგდეს“. დასავლეთის სპეცსამსახურებმა/ანალიტიკოსებმა, USAID-მა და სოროსმა ზუსტად დაარტყეს იმ კვანძებს, რაც გვაკავშირებდა – ტრადიციებს, მეგობრობას, ისტორიას, კულტურას – და ისინი ქაღალდივით დაგლიჯეს, ჩვენი ცნობიერების ბნელ კუთხეებში მიძინებული ნეგატივი – გაუმართლებელი ამბიციები, ეთნიკური შუღლი, ეროვნული გამორჩეულობისა და უპირატესობის შეგრძნება – გააღვიძეს. ხოლო კავკასიურმა ტემპერამენტმა, რომელზეც ოკეანის გაღმა ფსონს დებდნენ, ამ შემთხვევაში „დათვური სამსახური“ გაგვიწია...
ეს თემები შემთხვევით როდი წამოვწიე, თუმცა „ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“. პირველი მიზეზი – იმიტომ, რომ საქართველოში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთში ჩვენ, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც თანამემამულეებად ვრჩებით, ხოლო თანამემამულეთა უფლებები პირდაპირ კავშირშია ადამიანის უფლებების დაცვასთან, საზოგადოების სამოქალაქო თანხმობასთან, მიუხედავად ეროვნული და რელიგიური კუთვნილებისა, მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიებისა. ის დამოკიდებულია კონსტიტუციური წესრიგის დაცვაზე, რომელსაც ძირს უთხრიან უცხოეთის გავლენის აგენტები, თავს რომ „დემოკრატებად“ და „ლიბერალებად“ ასაღებენ.
მეორე მიზეზი: საბჭოთა საქართველოში, რომლის შემადგენლობაშიც იყო აფხაზეთი და სამაჩაბლო, მილიონზე მეტი ეთნიკური აზერბაიჯანელი და სომეხი ცხოვრობდა. ამიტომ ქართველს შეუძლებელია არ ანაღვლებდეს ის, რაც სამხრეთ კავკასიაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხდება. მე კიდევ ერთი გარემოება მაფიქრებს: საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ყველაზე გავრცელებული გვარებია:
1. ბერიძე – 30 149
2. კაპანაძე – 19 256
3. გელაშვილი – 18 334
4. მაისურაძე – 15 987
5. მამედოვი – 15 330
6. გიორგაძე – 14 202
7. მამედოვა – 13 643
8. ბოლქვაძე – 13 214
9. ლომიძე – 13 123
10. წიკლაური – 12 918
ვისაც ყურადღება არ მიუქცევია: მე-5 და მე-7 ადგილას არის აზერბაიჯანული გვარი – „მამედოვი“ და „მამედოვა“, რაც სინამდვილეში ერთი და იგივეა. თუ ყველა მამედოვს ერთად შევკრებთ, მივიღებთ 28 973 ადამიანს – ანუ, საქართველოში, ყველაზე გავრცელებულ გვართა სიაში, ბერიძეების შემდეგ, მეორე ადგილს იკავებენ მამედოვები. როგორ აიხსნება ეს, მაშინ როცა სახმელეთო საზღვარი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დაკეტილია და არანაირი მიგრანტთა ტალღა აზერბაიჯანიდან საქართველოში არ წამოსულა?
იმით, რომ საქართველოს მოსახლეობა დღეს რეალურად არის არა 3 მილიონ 900 ათასი, როგორც ამას საქსტატი ირწმუნება, არამედ ამ რიცხვის დაახლოებით ნახევარზე ოდნავ მეტია – რადგან მილიონამდე ქართველმა ისარგებლა რა უვიზო მიმოსვლის „სიკეთით“ - ევროპაში ემიგრაცია არჩია, დროებით ან სამუდამოდ, თუმცა მათ საქართველოს მოქალაქეობა და რეგისტრაცია არ დაუკარგავთ. განსხვავებით აზერბაიჯანელებისგან, რომლებიც დარჩნენ საქართველოში, თავიანთ სახლებში, შვილებთან და აგრძელებენ მადლიანი ქართული მიწის დამუშავებას, რომელიც მათ არჩენს.
კურიოზი – ქართველი ემიგრანტები, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისადმი მადლიერების ნაცვლად, რომელმაც მათთვის უვიზო მიმოსვლა უზრუნველყო, ოპოზიციის ელექტორატს წარმოადგენენ, მათი უმრავლესობა სააკაშვილის ნაცებს აძლევს ხმას! გარდა რუსეთში დროებით მცხოვრები ორასი ათასი საქართველოს მოქალაქისა, რომელსაც თავისი კონსტიტუციური უფლება - არჩევნებში მონაწილეობა - 20 წელია წართმეული აქვს!
ვის სჭირდება ასეთი „დემოკრატია“, როცა საქართველოს მოქალაქეებს უადვილებენ სხვა ქვეყნის, მათ შორის – რუსეთის მოქალაქეობის მიღებას? როცა უვიზო რეჟიმთან ერთად ბინადრობის უფლებას აძლევენ მუშაობის უფლებით, რითაც უბიძგებენ ემიგრაციისკენ? როდესაც საქართველო ნახევრად დაცლილია და ყველაზე ჯანმრთელ შრომისუნარიან მოქალაქეებს კარგავს?
ასეთი „დემოკრატია“ სჭირდება მათ, ვინც კავკასიის ხალხები ერთმანეთსა და რუსეთს წაჰკიდა, რათა დაყოს და იბატონოს სამხრეთ კავკასიაში!
არნო ხიდირბეგიშვილი,
„საქინფორმი“-ს გენდირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი
2025 წლის 15 სექტემბერი
საქართველო, თბილისი