პოლიტიკა
ნატო-ს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის კონფერენცია საქართველოში იმართება

 საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველო ნატო-ს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&F) ყოველწლიურ კონფერენციას მასპინძლობს.

სასტუმრო „ბილტმორში“ კონფერენცია თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა და კონტრადმირალმა იუსუფ კარაგიულემ გახსნეს.

პროგრამისა და მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობაზე საუბრისას მათ პროგრამაში საქართველოს მონაწილეობაზე გაამახვილეს ყურადღება. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ირაკლი ჭიჭინაძე ესწრებოდა.

კონფერენციაში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის უწყებებიდან სხვადასხვა სარდლობისა და სამხედრო სპეციალობის წარმომადგენლები, სამხედრო და სამოქალაქო პირები მონაწილეობენ. ხუთი დღის განმავლობაში ისინი ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ სამხედრო სწავლებების ორგანიზებისა და აღსრულების კუთხით ურთიერთთანამშრომლობის მიღწევებს შეაფასებენ და მომავალი წლის გეგმებს განიხილავენ.

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ კონფერენციის ფარგლებში კონტრადმირალ იუსუფ კარაგიულესა და ბრიგადის გენერალ თეოდოროს სტეფოუსთან ორმხრივი შეხვედრა გამართა, სადაც პარტნიორ ქვეყნებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.

ნატო-ს ოპერატიული შესაძლებლობების კონცეფციის შეფასებისა და უკუკავშირის პროგრამის (OCC E&F) კონფერენცია, ნატო-ს ოპერაციების გაერთიანებული სარდლობის (SHAPE) ეგიდით, სხვადასხვა პარტნიორ ქვეყანაში ყოველწლიურად იმართება. საქართველოში კონფერენცია უკვე მეორედ ტარდება.

ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.