პოლიტიკა
ბოიკოტის დასასრული - გახარიას გუნდი პარლამენტში შედის

 საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. ერთწლიანი ბოიკოტის დასასრული.

გიორგი გახარიას პარტია პარლამენტში შედის. გადაწყვეტილება, რომელიც ბოიკოტის შეცდომად აღიარების დღიდან ისედაც მოსალოდნელი იყო, მაინც საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა. ყოფილი პრემიერის გუნდს ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებენ, საპარლამენტო მანდატების მიღებას კი პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებად აცხადებენ. პარტია, რომელმაც ერთი წლის წინ 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და ბარიერგადალახულ დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი თქვა, ახლა მზად არის, რომ პოლიტიკური ბრძოლისთვის საკრებულოსთან ერთად პარლამენტიც გამოიყენოს. ის არის ერთადერთი პარტია ბარიერგადალახული ოთხი პოლიტიკური ძალიდან, რომელმაც თავის დროზე საპარლამენტო სია არ ჩახსნა და ამით დეპუტატის მანდატების გამოყენების შესაძლებლობა შეინარჩუნა. ექს-პრემიერის გუნდი თვეების განმავლობაში წინააღმდეგობის პლატფორმის ფარგლებში ოპოზიციასთან აქტიურად თანამშრომლობდა, დისტანცირება კი მას შემდეგ დაიწყო, რაც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა. გიორგი გახარიას გუნდი პარლამენტში 12 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. საუბარია პარტიის იმ წევრებზე, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანოში სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო თვეების წინ უფლებამოსილება შეწყვეტილი 12 თანაგუნდელი, მათ შორის ლიდერი, გიორგი გახარია უნდა ჩაანაცვლონ.