2011 წლის 22 ნოემბერს ასტანაში გამართული FEAM-2011 ევროპისა და აზიის მედიაფორუმის წინ, РИА «Новости»-მ გამოაქვეყნა ჩემი სტატია «Путь Грузии лежит в Евразийский союз», რომელშიც არა მხოლოდ განვაცხადე, არამედ დავასაბუთე საქართველოს საგარეო პოლიტიკური არჩევანის სასიცოცხლო აუცილებლობა. რამდენიმე დღის შემდეგ, ფორუმის სტუმარმა ნიკიტა მიხალკოვმა, ორიოდე სიტყვით, არსებითად იგივე თქვა, მაგრამ ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისთვის (იმ ქვეყნის ჰიმნის ავტორის შვილი, სადაც თანამემამულეები ძმურ მეგობრობაში ცხოვრობდნენ, ეროვნული ნიშნით შიდა შუღლის გარეშე).
მაშინ მიხალკოვმა ფორუმის მონაწილეებს სიკეთის, გამბედაობისა და სიყვარულის ორი მასტერკლასი ჩაუტარა. თავდაპირველად ეს იყო ფილმი «Цитадель»-ის ჩვენება სერიიდან «Утомлённые солнцем-2» („მზით დაქანცულები- 2“). მიხალკოვი და მე პირველ რიგში ვისხედით. ცრემლები ვერ შევიკავე. მიხალკოვიც ძალიან აღელვებული ჩანდა და დიდი ადამიანებითვის დამახასიათებელი მოკრძალებით, ბოლო კადრებს არ დაელოდა - დაიხარა, რომ ეკრანი არ დაეფარა და გასასვლელისკენ გაემართა. თუმცა, შეუმჩნევლად წასვლა, სანამ დარბაზში შუქს აანთებდნენ, ვერ შეძლო - წამოვდექი და ტაში დავუკარი, მთელი დარბაზი ამყვა! ფოიეში მიხალკოვს ვუთხარი: „ნიკიტა სერგეევიჩ, იცი, რას ვისურვებდი ახლა ყველაზე მეტად? რომ ზოგიერთ პოლიტიკოსს ხელბორკილები დაადონ და კინოდარბაზში შემოათრიონ - აიძულონ თქვენი ფილმის ნახვა. იქნებ დარბაზიდან ადამიანებად გამოვიდნენ!“. პირველ რიგში, საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტ სააკაშვილს და მის ხროვას ვგულისხმობდი. მიხალკოვმა საპასუხოდ გულიანად გაიცინა და სწორედ ეს მომენტია აღბეჭდილი ქვემოთ ფოტოზე.
მიხალკოვმა მომდევნო მასტერკლასი მეორე დღეს, ფორუმის პროგრამით დაგეგმილ მედიის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე ჩაგვიტარა. „აი, ჩვენ დაკეტილ კარზე ვაკაკუნებთ, - თქვა მან თავის გამოსვლაში, მხედველობაში ჰქონდა რა დასავლეთისკენ მსწრაფველი ზოგიერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, - მაგრამ რა არის მის მიღმა? ჩვენ არ ვიცით... სამაგიეროდ, ყველაფერი, რაც გვქონდა (ხალხებს საბჭოთა კავშირში - რედ.), კარგი თუ ცუდი, უკვე ვიცით; ეს ყველაფერი ჩვენია!“.
„როდის დასრულდება ეს გაუგებრობა და ოდესმე დასრულდება?!“ - ვკითხე მას პირისპირ საუბრისას (იხ. ფოტო დასაწყისში), პოსტსაბჭოთა ქვეყნების, პირველ რიგში, სააკაშვილის რეჟიმის გამყიდველი საგარეო პოლიტიკაზე მითითებით. მიხალკოვმა მიპასუხა: „მალე. აუცილებლად. ეს უკვე დასრულდა“.
და ის მართალი აღმოჩნდა.
ვიმეორებ: ეს 2011 წლის 22 ნოემბერს მოხდა, ოცი დღით ადრე კი, 2011 წლის 1 ნოემბერს, ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოში პირველი პრესკონფერენცია გამართა, სადაც განაცხადა პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილების შესახებ სააკაშვილის რეჟიმის შეცვლის მიზნით. ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილავს თუ არა ის საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრებას, ივანიშვილმა უპასუხა: „ყველაფერი, რაც საქართველოს ინტერესებში შედის, განიხილება“.
ბოლო წლებში კი საქართველოში აღმოაჩინეს, რომ თურმე ევროკავშირის წევრობა გულისხმობს ქართველებისთვის მიუღებელი მრავალი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, როგორიცაა ერთსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაცია, სქესის შეცვლის ოპერაციები და მრავალრიცხოვანი გენდერის აღიარება. და გამახსენდა მიხალკოვის ზემოთმოყვანილი სიტყვები: „ჩვენ ვაკაკუნებთ დაკეტილ კარზე, მაგრამ რა არის მის უკან? ჩვენ არ ვიცით...“
ამიტომ, ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლებამ გეოპოლიტიკური ვექტორები უკანა პლანზე გადაწია და პრიორიტეტად ღირებულებითი ვექტორები დაასახელა, რითაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა. ჩემი მეთოდი - სტრატეგიული პროცესების არა იდეოლოგიურ პრიზმაში, არამედ გამოცდილებითა და ისტორიული მეხსიერებით გაანალიზება - სწორი აღმოჩნდა, ხოლო „ქართული ოცნება“ შეცდა, როდესაც კოლექტიური დასავლეთის „სასწაულებრივ ტრანსფორმაციას“ იმედოვნებდა.
დღეს საქართველო გეოპოლიტიკის ობიექტი აღარ არის და დიალოგის აღდგენას იწყებს როგორც მეზობლებთან, ასევე შიშით დაქანცულ თაობასთან. დასავლელ „პარტნიორებთან“ დიპლომატია ადგილს უთმობს მეხსიერების დიპლომატიას, რადგან, როგორც მიხალკოვმა მართებულად აღნიშნა, „ყველაფერი, რაც გვქონდა, კარგი თუ ცუდი, ჩვენთვის უკვე ცნობილია და ეს ყველაფერი ჩვენია!“.
არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი
10.11.2025
საქართველო, თბილისი
![]() |
![]() |