საქართველო, 21 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს პირველი არხი და არასამთავრობო ორგანიზაცია შშმპ „მედია პოზიტივი“ მხედველობის დარღვევის მქონე პირებისთვის ახალ პროექტს, „ქართული კინოს აუდიოდისკრიფციას“ იწყებს.
პირველი არხი პირველ ეტაპზე საქართველოს რადიომსმენელს აუდიოდისკრიფციით 15 ქართულ ფილმს შესთავაზებს.
აუდიოდისკრიფცია მხედველობითი ინფორმაციის ზუსტი, ობიექტური და თანმიმდევრული სიტყვიერი აღწერაა, რომელიც მსმენელს აცნობს იმ ვიზუალურ ელემენტებს, რომლებიც გამოსახულებაშია. დისკრიფცია ნაწარმოების ბუნებრივი პაუზების დროს დიალოგებს შორის კეთდება, რაც მასალას მხედველობის დარღვევის მქონე ადამიანებისთვის ხელმისაწვდომს ხდის. ფილმები აუდიოდისკრიფციით ასევე განთავსდება პირველი არხის სტრიმინგ პლატფორმაზე 1tvplay.
პროექტი „ქართული კინოს აუდიოდისკრიფცია“ მიზნად ისახავს ძველი ქართული მხატვრული ფილმებისა და საკულტო ნამუშევრების აუდიოდისკრიფციით (აუდიო აღწერით) აღჭურვას, რათა მხედველობის დარღვევის მქონე პირებსა და ფართო საზოგადოებას შეეძლოთ ქართული კინემატოგრაფიისა და კულტურული მემკვიდრეობის სრულფასოვანი აღქმა.
პროექტი ხორციელდება საქართველოს პირველი არხისა და არასამთავრობო ორგანიზაცია შშმპ „მედია პოზიტივის“ პარტნიორობით, რომელიც ორი წელია, სისტემატურად მუშაობს აუდიოდისკრიფციის განვითარებაზე.