პოლიტიკა
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს მნიშვნელობა სცდება შავი ზღვის სახელმწიფოს განსაზღვრებას, წარმოადგენს ხიდს რეგიონებს შორის

 საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო სცდება მხოლოდ შავი ზღვის სახელმწიფოს განსაზღვრებას. ჩვენი ქვეყანა წარმოადგენს კარიბჭეს, პარტნიორსა და ხიდს იმ რეგიონებს შორის, რომელთა მომავალიც სულ უფრო მეტად ურთიერთდაკავშირებული ხდება, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა ლონდონში, გაერო-ს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 34-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის შეფასებით, საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის იდენტობას და კეთილდღეობას მუდმივად განსაზღვრავდა ის წყლები, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს კონტინენტებს, კულტურებსა და ეკონომიკებს.

საქართველოს ეკონომიკური განვითარების ტრაექტორია ცალსახად ძლიერია – 2021–2024 წლებში რეალური მშპ-ის საშუალო ზრდამ 9,8% შეადგინა. ეს დინამიკა 2025 წელსაც შენარჩუნდა და წლის პირველ ცხრა თვეში ეკონომიკა 7,8%-ით გაიზარდა. აღნიშნულ ზრდას არსებითად განაპირობებს ტრანსპორტის, ლოგისტიკისა და საზღვაო სექტორები, რაც ხაზს უსვამს დაკავშირებულობისა და ღირებულებათა ძლიერი ჯაჭვების როლს, როგორც ჩვენი ეკონომიკური კეთილდღეობის ფუნდამენტურ მამოძრავებელ ძალას“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველო IMO-ს წევრი ქვეყნების წინაშე დგას, როგორც ერთგული პარტნიორი ერთობლივ თანამშრომლობაზე დაფუძნებული, ურთიერთდაკავშირებული და მდგრადი საზღვაო მომავლის შესაქმნელად.