საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. პარლამენტი განათლების რეფორმის თაობაზე მომზადებულ ცვლილებებს დაჩქარებული წესით განიხილავს. საკანონმდებლო ცვლილებები ბიუროს სხდომაზე წარედგინა.
ცვლილება ხუთ კანონში შედის. ცვლილებებით, კანონით აღარ განისაზღვრება დაფინანსების არსებული მოდელები, მათ შორის სახელმწიფო სასწავლო გრანტები და პროგრამული დაფინანსება.
კანონებიდან ყველა იმ ნორმის ამოღება ხდება, რომელიც სახელმწიფო სასწავლო გრანტს და სამაგისტრო გრანტს ეხება. კანონით განისაზღვრება ისიც, რომ მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა სრულად სახელმწიფოს მიერ – მთავრობის მიერ დადგენილი დაფინანსების წესისა და პირობების შესაბამისად დაფინანსდება.
კანონის პროექტის თანახმად, მთავრობა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით, ყოველწლიურად დაამტკიცებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდებით, ასევე ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას – როგორც უნივერსიტეტის, ისე კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) მიხედვით.
მთავრობა დაამტკიცებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების წესსა და პირობებს. ზემოთ აღნიშნულის გარდა, პროექტის მიხედვით, მთავრობა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით, განსაზღვრავს იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმის) ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების უფლება უნივერსიტეტებს მიენიჭება. საუნივერსიტეტო სისტემაში, გამონაკლისი სპეციალობების გარდა, 3+1+1 სისტემა ინერგება, სადაც სამი წელი ბაკალავრიატს დაეთმობა, ხოლო ერთი წელი – მაგისტრატურას. ცვლილების თანახმად, აკადემიური უმაღლესი განათლების ფარგლებში ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა არანაკლებ სამი წელი იქნება და მისი სასწავლო კომპონენტი უნდა მოიცავდეს კრედიტებს.