აქტუალური
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს წინააღმდეგ ევროკავშირის ქმედებებზე საუბრობს

 საქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. ბრიუსელი არაერთხელ ჩაერია საქართველოს შიდა საქმეებში, რამაც უარყოფითად იმოქმედა საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე ევროკავშირთან. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.

დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიისგან უკან დახევისა და ანტიდასავლური რიტორიკის გამო აკრიტიკებს. ხელისუფლება კი განხეთქილებას ქვეყნის პოზიციის გამო დასავლეთის უკმაყოფილებით ხსნის, რომელიც უკავშირდება უკრაინის კონფლიქტს და სუვერენიტეტისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებისკენ სწრაფვას.

ჩვენ ბოლო პერიოდში ვნახეთ, რომ, სამწუხაროდ, ბრიუსელი არაერთხელ ჩაერია შიდა საქმეებში და საქართველო არის ამის საუკეთესო მაგალითი“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის თქმით, მსგავსი ქმედებები უხეში ფორმით ხდებოდა და ეს მნიშვნელოვნად აზიანებდა ორმხრივ ურთიერთობებს.

ამავე კონტექსტში ბოჭორიშვილმა აშშ-ის და საქართველოს მიმართ ევროკავშირის განსხვავებულ მიდგომებზე გაამახვილა ყურადღება.

როდესაც საუბარი შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, მაშინ უკვე ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან სულ სხვაგვარი გზავნილი ისმის და სხვაგვარად ხდება პოზიციონირება“, – განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ „ეს ასახავს იმ „სამწუხარო რეალობას, რომელ რეალობაშიც არის დღევანდელი ბრიუსელი“.

მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ევროპულ იდენტობასა და მის პრინციპულ არჩევანს, გახდეს ევროკავშირის წევრი.

ჩვენ ევროპული ქვეყანა ვართ, ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო ის, რომ, თუკი ჩვენ გვსურს – და ჩვენ გვსურს – ვიყოთ ევროკავშირის ნაწილი, რომელიც არის დღეს დღევანდელი ევროპის სახე, რა თქმა უნდა, ჩვენი სუბიექტური სურვილიც იქნებოდა, რომ ევროკავშირი იყოს ძლიერი და ეს ევროკავშირი იყოს ისეთი, რომლის წევრობაც ჩვენ გვინდა“, - აღნიშნა მან.

მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში ევროკავშირში მიმდინარე პროცესები რთული საყურებელია, თუმცა საქართველო ურთიერთობების გამოსწორების იმედს არ კარგავს.

იმედს ვიტოვებთ, რომ ყველაფერი შეიცვლება და რომ რეალობის უგულებელყოფას აღარ გააგრძელებს ბრიუსელი“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.