„დღეს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელებისა და მისი სატელიტების ყველა განცხადება დიდწილად იმეორებს იმას, რაზეც თქვენ 2003 წლიდან წერთ — მაგალითად, საქართველოს ნეიტრალიტეტის, სამხრეთ კავკასიაში დიდი ბრიტანეთის, რუსოფობიისა და ანგლოსაქსების შესახებ, რომლებსაც თქვენ ანგლოშEXებს უწოდებთ სექსუალური უმცირესობების დაცვის საბაბით საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის გამო. საქართველოს მთავრობამ აიტაცა თქვენი ცნობილი თეზისები — „მეორე ფრონტი“, „საქართველო — ხიდია, და არა დერეფანი“, ინტერნეტში ათასობით თქვენი ანალიტიკური პუბლიკაცია და სენსაციური ჟურნალისტური გამოძიებაა პროგნოზებით, რომლებიც, როგორც წესი, მართლდება. დასავლეთში ასეთი თუნდაც ორიოდე მიზანში გარტყმით ადამიანი გავლენიანი ხდება, რომლისთვისაც ყველა კარი და ტელესტუდია ღიაა. გასაკვირი არ არის, რომ ამერიკაში ცნობილი ჟურნალისტები, ცნობილ იურისტებთან ერთად, მოქალაქეების ყველაზე მაღალანაზღაურებად კატეგორიას მიეკუთვნებიან.
თქვენ ხართ ჟურნალისტი, პოლიტოლოგი, პუბლიცისტი და მედიამენეჯერი მრავალწლიანი გამოცდილებით, რა გაწუხებთ ყველაზე მეტად საქართველოში? რით ხართ ამჟამად უკმაყოფილო?“ — მკითხა პოპულარული გამოცემის კორესპონდენტმა.
არნო ხიდირბეგიშვილი: იმაში, რომ ჩემს რეკომენდაციებს 5, 10 და 20 წლის დაგვიანებით იღებდნენ ყურად, მხოლოდ მე ვარ დამნაშავე, რადგან ტენდენციის შეცვლა ვერ შევძელი, მიმართულების შექმნა და ხელმძღვანელობა ვერ მოვახერხე. გარშემო არ მყავდა გავლენიანი თანამოაზრენი, ჩემს პროდუქციაზე მოთხოვნა არ არსებობდა... ყველას როდი აქვს ბიძინა ივანიშვილის თვისებები, მილიარდერი, პოლიტიკური ლიდერი და პრემიერ-მინისტრი რომ გახდეს, მაგრამ ჩემი მშობლებისა და ოჯახში მიღებული აღზრდის წყალობით, არასოდეს განმიცდია გაჭირვება და ხალასი გულით ვცხოვრობ. არ მაწუხებს სიხარბე და ამბიცია — მთავარია, ჩემები ჯანმრთელები იყვნენ და ჩემს სამშობლოში მშვიდობა იყოს!
საწყენი მხოლოდ ის გახლავთ, რომ დღესაც კი საქართველოს ხელისუფლება, რომელსაც 2012 წლიდან ვაძლევ ხმას ისევე, როგორც მისი რესურსით ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური ორგანიზაციები, მოსკოვთან, სოხუმსა და ცხინვალთან პრობლემების გადასაჭრელად ჩემს მიერ შემოთავაზებული პროგრამებისა და სახელმწიფო ეროვნული პოლიტიკის სტრატეგიის შემუშავების ნაცვლად, პლაგიატით, კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფორმულირებებით კმაყოფილდებიან. ეს ზედაპირული მიდგომა აიხსნება არა იმდენად სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და პასუხისმგებლობის ნაკლებობით, არამედ იმითაც, რომ კომუნისტური პარტიის მმართველობის შემდეგ სახელისუფლებო დერეფნებში ცოტა რამ თუ შეიცვალა, რასაც მე „პოლიტბიუროს შვილების ეფექტი“ ვუწოდე. ახლანდელი ხელისუფალნი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, როგორც იმდროინდელი ცენტრალური კომიტეტისა თუ რაიკომის მდივნები, მხოლოდ უკიდურესად გაჭირვებულებს თუ დაეხმარებიან, მაგრამ არასდროს არ დაუთმობენ გზას ნიჭიერებს, ვისაც არ ეშინიათ სიმართლის თქმა, არ იყიდებიან ფულზე და არ ემორჩილებიან ბიუროკრატიული სისტემის პროკრუსტეს სარეცელს.
სააკაშვილის რეჟიმის დროს განსხვავებულად მოაზროვნეები რეპრესიებში მოჰყვნენ, დღეს კი მათ უბრალოდ ვერ ამჩნევენ და ერიდებიან, როგორც გიჟებს. იგივე ხდებოდა ადრეც, როდესაც ადამიანებს გარიყულებად და განკვეთილებად აცხადებდნენ, რის შემდეგაც მათ სამსახურში კი არა, ციხეშიც აღარ იღებდნენ არასტანდარტული აზრების გამო, რომლებიც, ცხადია, მმართველი ძალის კურსისგან განსხვავდებოდა — იქნებოდა ეს კომპარტია თუ „მრგვალი მაგიდა“. მაგრამ როგორც კი საქართველოში ღირებულებათა გადაფასება ხდებოდა, ისინი, ვისაც გუშინ ზურგს უკან დასცინოდნენ, თაყვანისცემის კერპებად იქცეოდნენ, ყველაფერი დანარჩენი კი უცვლელად რჩებოდა — ნეპოტიზმი ნათლიმამობა და კორუფცია. „მე გენიალური სპეკულანტი და ანტისოვეტჩიკი ვარ! — მითხრა ერთხელ სერგო ფარაჯანოვმა, — მაგრამ როცა მოვკვდები, ლენინად გამომაცხადებენ!“
თუ საქართველოს ექსპრეზიდენტი, ფილოსოფოსი გიორგი მარგველაშვილი რაიმეთი დაამახსოვრდება მომდევნო თაობებს, ეს გახლავთ მისი მოსაზრება, რომელიც ფილოსოფოს მერაბ მამარდაშვილის განცხადების — „ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას“ ანტითეზაა. „მე პლასტილინის ვარ! — განაცხადა ერთხელ მარგველაშვილმა — სადაც გადამაგდებენ, იმ ფორმას ვიღებ“. მაგრამ გულწრფელობა მონანიება როდია, რის გარეშეც აღსარება ფარისევლობაა. აღსარებისა და შენდობის გარეშე კი ზიარება ვერ მოხდება. ქართველი ხალხი ბევრს არაფერს ელის — მხოლოდ ბოდიშს მის მიერ არჩეული ხელისუფლებისაგან დაშვებული შეცდომების გამო! თუკი ხელისუფლებას, რომელიც დღეს დიამეტრულად საპირისპირო პოზიციებიდან გამოდის, სურს, რომ უკანასკნელად ენდონ. მხოლოდ ღმერთი არ უშვებს შეცდომებს, ხოლო ბოდიში და მონანიება ძლიერთა ხვედრია! სუსტები არ იხდიან ბოდიშს, — ისინი მზაკვრულად და ფარულად იძიებენ შურს, იპარავენ და წვავენ ჩვენს ხელნაწერებს, მაგრამ ხელნაწერები არ იწვიან! რა აზრი აქვს სხვისი აზრების მოპარვასა და საკუთრად გასაღებას, თუ მათი განვრცობა არ შეგიძლია?! პოლიტიკურ კონიუნქტურაზე შექმნილი პიარის სიცოცხლისუნარიანობა ხანმოკლეა, ხოლო საქართველოს მდგომარეობა უარესდება, საქართველო პატარავდება და საქართველო მხოლოდ ტერიტორია არ არის!
როდესაც ვაცხადებდი, რომ უმეტესობა პრეზიდენტებად და პრემიერ-მინისტრებად არ უნდა დანიშნულნიყვნენ, სელფის რიგში მდგომმა პოლიტიკურმა ბოზმონდმა აინუნშიც არ ჩამაგდო. დღეს კი მათ „ბნელიტურ წრეებში“ ამ პრეზიდენტებისა და პრემიერების სახელების ხსენებაც კი ეშინიათ. იმიტომ, რომ ეს საზოგადოება უზნეოა, სულითა და ხორცით, უფრო მეტიც, მზადაა ყველაფერზე ხელი მოაწეროს ნაცნობობისა და ფულისათვის!
როგორ შემიძლია ვიყო კმაყოფილი, როცა ჩემს სამშობლოს ისევ პლასტილინის პოლიტიკოსები მართავენ?! ცეკამ თუ რაიკომის მდივნებისა და მათი ბაზრის კომბინატორ-ცეხავიკების შთამომავლები, ვინც თავისი შრომის წიგნაკი არასამთავრობო ორგანიზაციებში გახსნეს, დასავლური უნივერსიტეტების დიპლომები აიღეს და პოლიტიკური კარიერა ყოველივე „კომუნისტურ-საბჭოთა-რუსულის“ გმობაში გაატარეს, დღეს მრისხანედ და სრულიად სამართლიანად ამხელენ დასავლეთს, თუმცა გუშინ საძინებლებშიც კი ევროკავშირისა და ნატოს დროშები ეკიდათ! რა ჰქვია ამას — პოლიტიკური პროსტიტუცია, ფარისევლობა თუ, უბრალოდ, პლასტელინკაცობა, ვინც მზადაა, მოერგოს ყველა ნახვრეტს კარიერისა და ფულის გულისათვის.
როცა 2004 წლიდან დაწყებული ვაქვეყნებდი მასალებს საიდუმლო დოკუმენტების ასლებითა და სკანდალური ფაქტებით, რომლებიც ამხელდა USAID-ის, NED-ის, UKAID-ის, SIS-ის, CIA-ს, CSSF-ის, NDI-ის, IRI-ის და სოროსის ფონდის საქმიანობას საქართველოში, აქ ათიათასობით არასამთავრობო ორგანიზაცია რომ შექმნეს, მე „მკრეხელად“ ჩამთვალეს, რადგან ზემოაღნიშნული კანტორები იყვნენ საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური კურატორები — როგორც ნაცმოძრაობის, ისე „ქართული ოცნებისათვის“, რომელთა ევროატლანტიკური კურსი ერთმანეთისგან იოტისოდენადაც არ განსხვავდება! სამწუხაროდ, ეს კურსი დღესაც უალტერნატივოა, რასაც ადასტურებს საქართველოს კონსტიტუციის დასკვნითი, 78-ე მუხლი. ნუთუ პლასტილინის ხელისუფლებას არ ესმის, რას ნიშნავს, როცა ევროპა რუსეთთან ჩხუბობს და მერე ამერიკასაც შორდება?! ეს ნიშნავს, რომ ევროპაში ფაშიზმი ბრუნდება, თანაც მეორედ — არა როგორც ტრაგედია, არამედ როგორც ფარსი!
სწორედ ამიტომაც საქართველო, რომლის დაუფლება ყველას სურს, ვერ იქნება ნეიტრალური — ის სიკეთის მხარესაა ბოროტების წინააღმდეგ, ის განხეთქილების ვაშლია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. საქართველო — ხიდია, მაგრამ მეგობრებს და არა მტრებს შორის, გადებული. საქართველოს სჭირდება ეროვნული სახელმწიფო პოლიტიკის მკაფიო სტრატეგია, ხოლო ნეიტრალიტეტი ოდენ პლასტილინი გახლავთ, რომლისგანაც რასაც გინდა, იმას გამოძერწავ, სოციალიზმით დაწყებული, ფაშიზმით დამთავრებული! საქართველო სუპერსახელმწიფო არ გახლავთ, ამიტომაც საკუთარ თავს ასეთი ფუფუნების უფლებას, როგორიც ნეიტრალიტეტია, არ მისცემს.
როგორც კი ტრამპმა USAID დახურა და BBC გააკრიტიკა, საქართველოს ხელისუფლებამ გულისამაჩუყებელი აღსარება წარმოთქვა დასავლური ბულინგის შესახებ, რომელსაც, თურმე, მთელი ამ ხნის განმავლობაში იტანდა. ვსვამ შეკითხვას: რისთვის ითმენდით ამ ბულინგს 13 წელი, ბატონებო? შემთხვევით, ფულის, კარიერისა და სხვა პრივილეგიების გამო ხომ არ დუმდით, რომელსაც ჩინოვნიკებს ძალაუფლება ანიჭებს?! მილიარდობით დოლარი და ევრო, რომელიც საქართველოში გრანტების სახით შემოდინდა, დღეს უეცრად აღმოჩნდა არა ხიდირბეგიშვილის ფანტაზიები, არა რუსული ნარატივი, არამედ რეალობა. მაგრამ გარწმუნებთ: როგორც კი თეთრი სახლის ადმინისტრაციის პოლიტიკა შეიცვლება (და ეს აუცილებლად მოხდება), პლასტილინის ხელისუფლება პარალელურ რეჟიმში შეიცვლის პოზიციას, რადგან აშშ-სა და ევროპაში პლასტილინის პოლიტიკოსების შვილები სწავლობენ. ხელისუფალთა რამდენი შვილი იღებს განათლებას საქართველოს, საჯარო სკოლებსა და სახელმწიფო უნივერსიტეტებში ან მსახურობს ქართულ ჯარში? აი ეს არის სწორედ საკითხავი!
იმედი მაქვს, რომ ოფიციალურ თბილისში გამოფხიზლების ამჟამინდელი პროცესი შეუქცევადი იქნება და თავის ლოგიკურ ფინალამდე მივა. როგორ მინდა, ერთხელ მაინც ვირწმუნო და ვიამაყო ჩემი მთავრობით და არა სხვისი ხელისუფლებით, საქართველოს პრეზიდენტით ან პრემიერ-მინისტრით, და არა ამერიკის, ჩინეთის ან რუსეთის ლიდერებით! არადა, იმედგაცრუება მეუფლება, როდესაც ვხედავ, როგორ უსირცხვილოდ იღებს ათობით ქართველი მილიონერი პარლამენტარი ხელფასს 12-15 ათასი ლარის ოდენობით; როდესაც ვხედავ ხელისუფლებაში შევარდნაძე-სააკაშვილის მაღალჩინოსნებს, რომელთა რიგებიდან კვლავ კომპლექტდება გარანტირებული კეთილდღეობის ფენა.
დიახ, პლასტილინი შესანიშნავი მასალაა მოდელირებისათვის, გამოსადეგია ყველგან, სადაც მოქნილობაა საჭირო, მაგალითად, დიპლომატიაში. თუმცა, სახელმწიფოს მშენებლობას მაღალი მარკის ცემენტიც სჭირდება — პლასტილინის საძირკველზე სახლს ვერ ააშენებ. პლასტილინი ჭაობს წააგავს, საუკეთესო მისწრაფებები, ინოვაცია, ენერგია და რეფორმები მასში უფლობა, რის შემდეგაც ხელების ჩამოშვება გიწევს. სწორედ ამიტომ ააშენა ივანიშვილმა შუშის სასახლე, „პლასტილინის ჭაობიდან“ მოშორებით. თუმცა, მის მისადგომებთან უმალ განთავსდნენ პლასტილინის პოლიტიკოსები, რომლებიც ხელს უშლიან სახალხო სიმართლის ზეობას.
სწორედ ამიტომ არავინ იცის, რომ საქართველოში რუსოფობია არ არსებობს — რუსებს მხოლოდ უცხოელი აგენტები აგინებენ, რომლებიც ამ გზით შოულობენ ფულს. თუმცა, მათ სულაც არ ეშინიათ რუსების. მაშ, რომელ ფობიაზეა ლაპარაკი, როცა ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას რუსები ადრინდელზე მეტად უყვარს და მათთან მეგობრული ურთიერთობები ენატრება.
სწორედ ამიტომ არ იცის ბიძინა ივანიშვილმა, რომ საქართველოს მთავრობაში ანგლოSEXსონურმა სტრატკომებმა მთლიანად გაანადგურეს საზოგადოებასთან კავშირები და დღეს საამიროების 6,5-მილიარდიან ინვესტიციას ქართველი ხალხი მტრულად ხვდება. რაც შეეხება პარლამენტისა და მთავრობის კუკიის სასაფლაოზე გადატანის გეგმას, ეს აშკარა დივერსიაა საქართველოს, მისი ხელისუფლებისა და პირადად ივანიშვილის წინააღმდეგ. რამდენი მილიარდიც არ უნდა გადაიხადონ არაბებმა თბილისის ისტორიული ცენტრის ხელში ჩასაგდებად, ჩიტი ბდღვნად არ ღირს. პარლამენტის, ძეგლებისა თუ უმაღლესების გადატან-გადმოტანა სააკაშვილის დროს უკვე მოხდა და ბევრისთვის, მათ შორის, მიშტლერისათვის სავალალოდ დასრულდა. ვერ გაიხარა ჟვანიამაც, რომელმაც ხუდონჰესის მშენებლობა შეაჩერა. თავის დროზე ქაღალდზე დარჩა ნამახვანჰესისა და ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა. საინტერესოა, რა ბედი ელის აეროპორტთან ახალი სტადიონისა და ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტებს. და ეს მაშინ, როცა პლასტილინის პოლიტიკოსებმა არ დახურეს და არ გაასხვისეს ლუგარის ლაბორატორია ალექსეევკაში! თუმცა, მავანი იმასაც ირწმუნება, რომ ლუგარის ლაბორატორია რახანია, ამირან გამყრელიძემ შეიძინა თავისი ვირუსებითა და შტამებით.
P.S.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სულ უფრო ხშირად სტუმრობს საერთაშორისი ღონისძიებებს, რომლებშიც რუსეთის ხელმძღვანელობა და თავად პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მონაწილეობენ. კობახიძე სიტყვით რატომღაც ინგლისურ და არა ქართულ ენაზე გამოდის, თუმცა ეს აღმოსავლურ-აზიური და არა დასავლურ-ევროპული ფორუმებია...
თუ მისი სეხნია და წინამორბედი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ერთხელ პუტინთან ერთად ღონისძიებაზე იმყოფებოდა და ბანკეტზე მის გვერდით ერთი ცარიელი სკამის გამოტოვებით იჯდა, რუსეთის პრეზიდენტთან გამოლაპარაკების შემთხვევაში, შესაძლოა, დღეს ბრალდებული კი არა, საქართველოს გამაერთიანებელი ყოფილიყო!
არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი
2025 წლის 15 დეკემბერი
საქართველო, თბილისი