სამართალი
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, „ფრესკოს“ შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობა დაუდგინდა

 საქართველო, 16 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „ფრესკო ვესტ ჯორჯიას“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, განსახილველ შემთხვევაში, მომხმარებელს სავაჭრო ობიექტში კონკრეტული ფასი მიეწოდა პროდუქტის აწონვის მომენტში, ხოლო სალაროსთან ანგარიშსწორების დროს მან განსხვავებული, უფრო მაღალი ღირებულება გადაიხადა, იმ მიზეზით, რომ ფასდაკლების პერიოდი უკვე დასრულებული იყო.

„მოვაჭრის მიერ სალაროსთან ანგარიშსწორების დროს ფასის შეცვლა შეფასდა, როგორც შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობა, რომელიც არღვევს სამომხმარებლო სამართლის ფუნდამენტურ – ინფორმირებული თანხმობის, გონივრული მოლოდინის და კეთილსინდისიერების პრინციპებს. ამასთან, რაოდენობრივად ბევრი პროდუქტის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი ვერ ახერხებს თითოეული საქონლის ფასდაკლების ვადის დამოუკიდებლად გადამოწმებას. ასეთი ვითარება კი მნიშვნელოვნად ზრდის რისკს, რომ მომხმარებელმა ვერ შენიშნოს ფასდაკლების დასრულება და ვერ გააცნობიეროს, რომ კალათაში მოთავსებული საქონლის ფასი აღარ შეესაბამება დახლზე მითითებულ ღირებულებას. სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში, აღადგინოს მომხმარებელთა უფლებები და სავაჭრო პოლიტიკა სრულად შეუსაბამოს კანონის მოთხოვნებს“, – ნათქვამია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ინფორმაციაში.