საზოგადოება
ევროკომისია საქართველოს მოქალაქეების გარკვეული კატეგორიისთვის უვიზო რეჟიმს შეაჩერებს

 საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების პროცესი დაიწყო, განაცხადა ევროკომისიის პრეს-სპიკერმა მარკუს ლამერტმა ბრიფინგზე.

2017 წლის 28 მარტიდან ბიომეტრიული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ევროკავშირის ქვეყნებში განახორციელონ ტურისტული და საქმიანი ვიზიტები 90 დღემდე უვიზოდ, მაგრამ არა უმეტეს ექვს თვეში ერთხელ.

ვიზების შეჩერების მექანიზმის ფარგლებში ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი დაიწყო", - განაცხადა ლამერტმა.

როგორც მან აღნიშნა, ვიზალიბერალიზაციის მიზანი ხალხთა შორის კონტაქტების გაძლიერება და საერთო ღირებულებების წინ წაწევაა, მათ შორის, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების პატივისცემის.

ევროკომისიას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ძირს უთხრის ამ პრინციპებს, რომლებსაც ეყრდნობა ვიზალიბერალიზაცია; არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს; ხელს უშლის ევროკავშირსა და საქართველოს შორის ეკონომიკური, ჰუმანიტარული, კულტურული, სამეცნიერო და სხვა კავშირების სტაბილურ განვითარებას", - განაცხადა ევროკომისიის პრეს-სპიკერმა.

მისი თქმით, ევროკომისიამ ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს უკვე გადასცა თავისი შეფასება.

ვიზების შეჩერების მექანიზმის ფარგლებში, იმის გათვალისწინებით, რომ ის გადაიხედა და ძალაში შევიდა გასული წლის ბოლოს, ორეტაპიანი მიდგომაა შესაძლებელი. ერთი მიდგომა, პირველი ეტაპი ამ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს ეხება. არის შესაძლებლობა, რომ გარკვეულ მომენტში თუ უკუსვლა გაგრძელდება, მთლიან მოსახლეობაზე გავრცელდეს, მაგრამ ეს ავტომატური არ არის”, - განაცხადა ლამერტმა.