საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. გასულ წელს დეკემბერი იპოთეკური დაკრედიტების მიმართულებით ყველაზე აქტიური თვე იყო. ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის დეკემბერში საქართველოში 5 346 ახალი იპოთეკური სესხი გაიცა, 554.4 მილიონი ლარის ჯამური ღირებულებით, რაც ყველა წინა თვის მაჩვენებელს აჭარბებს.
რაოდენობრივად ახალო იპოთეკური სესხების მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 28%-ით გაიზარდა, ხოლო ღირებულებაში გამოსახულებით 55%-ით.
შედეგად, წლის ბოლოსთვის ბანკების საკრედიტო პორტფელში იპოთეკის ნაშთმა 13.4 მილიარდ ლარს მიაღწია.
2025 წლის დეკემბრის ბოლოსთვის, ქართული ბანკების ჯამური საკრედიტო პორტფელმა 70.94 მილიარდი ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეს თითქმის 2 მილიარდი ლარით (2.85%-ით) მეტია ნოემბრის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე. ხოლო სესხების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით 13.99% შეადგინა.
მიზნობრიობის მიხედვით საკრედიტო პორტფელში ბიზნეს სესხებზე 56.87% მოდის (40.3 მლრდ ლარი), 20.67% სამომხმარებლო სესხებს უჭირავს (14.7 მლრდ ლარი), 18.88%-ია იპოთეკის წილი (13.4 მლრდ ლარი), სხვა სესხებზე 2.41% მოდის (1.7 მლრდ ლარი), ლომბარდზე 0.73% (518.9 მლნ ლარი), ხოლო ავტო სესხების წილი 0.44%-ია (309 მლნ ლარი).
აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკმა უძრავი ქონების სექტორში საკრედიტო წესები გაამარტივა, რაც დეველოპერების შიდა განვადებების პრაქტიკის შემცირებას და იპოთეკური სესხების ხელმისაწვდომობის ზრდას ისახავს მიზნად. საბანკო ასოციაციის შეფასებით, იპოთეკური სესხების ზრდის ტემპის დაჩქარება შესაძლოა, სწორედ ეროვნული ბანკის მიერ დეველოპერული სექტორისთვის რეგულაციების შემსუბუქებას უკავშირდებოდეს.
bm.ge