საზოგადოება
2025 წელს ენერგეტიკულ ბირჟაზე 129,753 მგვტ.სთ ელექტროენერგია ივაჭრეს - ანგარიში

 საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. 2025 წელს ენერგეტიკულ ბირჟაზე 129,753.8 მგვტ.სთ-ის მოცულობის ელექტროენერგია ივაჭრეს - ამის შესახებ ბირჟის 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ეს მოცულობა 2024 წელს ნავაჭრ ელექტროენერგიას, 17,493.9 მგვტ.სთ-ს თითქმის 7.5-ჯერ აღემატება. თუმცა აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მეოთხე კვარტალში ბირჟაზე ვაჭრობა საერთოდ არ ყოფილა.

რაც შეეხება ბირჟაზე ნავაჭრი ელექტროენერგიის ღირებულებას, წლის საშუალო შეწონილი ფასი 131.4 ლარი/მგვტ.სთ, 13.14 თეთრი/კვტ.სთ იყო. ანგარიშში ნათქვამია, რომ თითოეულ თვეში საბალანსო ელექტროენერგიის ფასი აღემატებოდა ბირჟის საშუალო ფასს. შედეგად, მყიდველებმა 2025 წელს თითქმის 2,265,000 ლარი დაზოგეს, რაც 2024 წლის მონაცემს, 400,000 ლარს, 5.5-ჯერ აღემატება.

აღსანიშნავია ისიც, რომ უმეტესწილად, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ბირჟაზე იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მისი მიწოდება.

მიუხედავად იმისა, რომ 2025 წელს წინა წელთან შედარებით ვაჭრობა რამდენჯერმე გაიზარდა, ბირჟაზე ნავაჭრი ელექტროენერგიის რაოდენობა კვლავ მცირეა. ბირჟაზე მცირე რაოდენობით ვაჭრობის უმთავრეს მიზეზად კვლავ რჩება ბაზრის გარდამავალ მოდელში ყოველთვიური დაბალანსების არსებობა. საბითუმო ბაზრის მონაწილეებს აქვთ თვის ჭრილში პოზიციის დაბალანსების (გაყიდული და იგივე პერიოდში ფაქტობრივად მიწოდებული რაოდენობის გათანაბრების) ვალდებულება, რაც არ ქმნის მოთხოვნას უფრო მოკლევადიან სავაჭრო პროდუქტებზე, პოზიციის დაბალანსების მიზნით.

უმეტესწილად, ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ბირჟაზე იყო გაცილებით მეტი, ვიდრე მისი მიწოდება. მიუხედავად ამისა, ბირჟაზე დაფიქსირებული ფასები ყოველთვის იყო უფრო დაბალი, ვიდრე საბალანსო ელექტროენერგიის ფასი. აღნიშნული მიუთითებს ელექტროენერგიის მყიდველების უფრო ფრთხილ სავაჭრო სტრატეგიაზე”, - ნათქვამია ანგარიშში.

2025 წლის მონაცემებით, ენერგეტიკულ ბირჟაზე სულ 25 მონაწილე იყო რეგისტრირებული.

ცნობისთვის, ბოლო გადავადებით, ენერგეტიკულ ბირჟას გარდამავალი მოდელით 2025 წლის 1 ივლისამდე უნდა ემუშავა, თუმცა რეფორმა მთავრობამ ამჯერად 2027 წლამდე გადაავადა. გარდამავალ მოდელში ბირჟაზე ვაჭრობა ხდება საათობრივი პროდუქტებით, ხოლო საბალანსო ელექტროენერგიისთვის საანგარიშო პერიოდია თვე. სრულყოფილად ამოქმედების პირობებში დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე მოხდება საათობრივი პროდუქტებით ვაჭრობა, ასევე ამოქმედდება საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარი.

bm.ge