აქტუალური
„4 წელი ხდება, რაც დარგში კრიზისია“ - ფეროშენადნობების მწარმოებელი "რუსელოისი" გაკოტრდა

 საქართველო, 2 თებერვალი, საქინფორმი. ფეროშენადნობების მწარმოებელი შპს რუსელოისი გაკოტრდა. კომპანიის მიმართვის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაკოტრების რეჟიმი გახსნა.

შპს რუსელოისი 2015 წლიდან საქმიანობდა თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოების სფეროში. აღსანიშნავია, რომ სექტორში კრიზისი ნარჩუნდება - გლობალურად დაბალი მოთხოვნის და დაბალი ფასის გამო, ფეროშენადნობების ექსპორტმა იკლო და დარგში კომპანიების ნაწილი გაჩერებულია. სწორედ ეს გახდა კომპანიის გაკოტრებამდე მიყვანის წინაპირობა.

საკითხზე "საქმის კურსის" ეთერში შპს რუსელოისის გენერალურმა დირექტორმა ისაუბრა. ნუგზარ კევლიშვილის თქმით, კომპანია 240 ადამიანს ასაქმებდა.

ყველა ღონე ვიხმარეთ, რომ ეს არ მომხდარიყო, თუმცა იმდენად ღრმა და გრძელვადიანი აღმოჩნდა კრიზისი, რომ ვერანაირად ვერ მოვახერხეთ ამ სიტუაციიდან გამოსვლა. თებერვლის ბოლოს 4 წელი გახდება, რაც ჩვენს დარგში კრიზისი დაიწყო. ბევრი რამ შევცვალეთ, ინვესტიციები განვახორციელეთ, ახალი პროდუქცია გამოვუშვით, მაგრამ ამ პროდუქტზეც, ფეროქრომზეც ფასების ვარდნა მოხდა და ამ სიტუაციიდან გამოსვლა ვერ მოხერხდა“, - ამბობს კომპანიის დირექტორი და დასძენს, რომ პრობლემა გლობალურად არსებობს და სხვა ქვეყნებშიც უქმნის გამოწვევებს კომპანიებს.

მისივე თქმით, პარალელურად ხდება რეაბილიტაციის გეგმაზე მუშაობა.

"გვაქვს იმედი, რომ იქნებ ამ პერიოდში რაღაც გამოსწორდეს ბაზარზე და თეორიულად რასაკვირველია შესაძლებელია, რომ გავაგრძელოთ მუშაობა და არის შანსი, რომ კომპანია გადარჩეს",- ამბობს ნუგზარ კევლიშვილი, რის წინაპირობადაც გლობალურად ვითარების გამოსწორებას ასახელებს.

სამეწარმეო ამონაწერის თანახმად, შპს რუსელოისის აღმასრულებელი დირექტორია შოთა ქელდიშვილი, გენერალური დირექტორი კი ნუგზარ კევლიშვილი. კომპანიის 100%-იანი წილი ეკუთვნის შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება WINDMOON LIMITED, HE 347184 /კვიპროსი/.