აქტუალური
აზერბაიჯანი და სომხეთი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობების შესწავლაზე შეთანხმდნენ

 საქართველო, 5 თებერვალი, საქინფორმი. აზერბაიჯანი და სომხეთი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობების შესწავლაზე შეთანხმდნენ. Trend-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ერთმანეთს დღეს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქალაქ აბუ-დაბიში შეხვდნენ.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთში საზოგადოება მშვიდობის რეალურ სარგებელს უკვე გრძნობს. მათ ორმხრივი ვაჭრობის დაწყებისა და აზერბაიჯანიდან სომხეთში ნავთობპროდუქტების მიმდინარე ექსპორტისა და ასევე აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით მესამე ქვეყნებიდან სომხეთში მარცვლეულისა და სხვა საქონლის ტრანზიტის გამო კმაყოფილება გამოხატეს.

მხარეები მიესალმნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ორმხრივ ვიზიტებს და დაეთანხმნენ ნდობის აღდგენის ღონისძიებების გაფართოების აუცილებლობას“, - ნათქვამია Trend-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა TRIPP პროექტის რეალიზაცია და სატრანსპორტო კავშირების განვითარების სხვა პროექტებიც განიხილეს.