საქართველო, 27 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა ომერ ბოლატმა შეხვედრაზე სხვადასხვა სფეროში შემდგომი ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს.
შეხვედრა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, მინისტრებმა დადებითად შეაფასეს ორმხრივი თანამშრომლობა ისეთ სექტორებში, როგორიცაა ვაჭრობა, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, ტურიზმი, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და სხვა. მხარეებმა ასევე ყურადღება გაამახვილეს ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობაზე.
გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი პრიორიტეტები, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის სექტორში თანამშრომლობა.
საუბარი ასევე შეეხო მსხვილ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელთა რეალიზება მნიშვნელოვნად გაზრდის „შუა დერეფნის" კონკურენტუნარიანობას და ხელს შეუწყობს დამატებითი ტვირთების მოზიდვას.
უწყების ცნობით, ხაზგასმით აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის მნიშვნელობა, რომელიც ოფიციალურად უახლოეს მომავალში ამოქმედდება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონში ურთიერთდაკავშირებადობის განმტკიცებაში.
საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი ფორუმი 2012 წლიდან ტარდება და წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა, როგორც სამმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის ეფექტიანი პლატფორმა.