საქართველო, 17 მარტი, საქინფორმი. ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ძალიან მყარად ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და როგორიც არ უნდა იყოს ეს მცდელობები, მომავალშიც დავდგებით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერმა უპასუხა კითხვას, შეიძლება თუ არა, რომ საქართველოზე ზეწოლისთვის ვიწრო პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცეს ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ დოკუმენტი?
„ჩვენ ამის მცდელობებს გამუდმებით ვხედავთ. ესეც არის ერთი მორიგი მცდელობა, თუმცა დღემდე ეს მცდელობები ვერ იყო შედეგის მომტანი და მომავალშიც ვერ იქნება. ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ძალიან მყარად ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და როგორიც არ უნდა იყოს ეს მცდელობები, მომავალშიც დავდგებით ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე. ძალიან იაფფასიანია ეს მცდელობები, რაც ძალიან კარგად ჩანს თუნდაც იმ ტექსტიდან, რომელსაც ამოვიკითხავთ მოსკოვის მექანიზმის ანგარიშიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.